საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. ყაზახეთი კვლავინდებურად იპყრობს მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღებას. ამ უმდიდრესი შუააზიური სახელმწიფოს განვითარებაზეა დამოკიდებული მთელი შუა აზიის მომავალი, კასპიის რეგიონის ჩათვლით. ქვეყანაში პრეზიდენტ ნაზარბაევის ნებაყოფლობითი გადადგომის შემდეგ, მოლოდინის საპირისპიროდ, ახალი არჩევნები - თავისუფალი და დემოკრატიული, ძალზე მალე - 9 ივნისს ჩატარდება. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ საქართველოს პარლამენტის წევრს, დავით ჭიჭინაძეს, რომელიც ყაზახეთში მუშაობდა და ცხოვრობდა, შესაბამისად, კარგად იცნობს ამ ქვეყანას.
- თქვენი ცხოვრების გზა გარკვეულ ეტაპზე გადაიკვეთა ქვეყანასთან, რომლის სახელწოდებაა ყაზახეთი. რას აკეთებდით ყაზახეთში და რა წარმოდგენა დაგრჩათ ყაზახეთის მიწაზე გატარებული პერიოდის შესახებ?
- პირველად ყაზახეთში მოვხვდი 1978 წელს, საფეხბურთო მატჩზე. მაშინ თვითმფრინავითაც საერთოდ პირველად ვიმგზავრე. ალმატიმ ჩემზე ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა, ასევე დიდი შთაბეჭდილება მივიღე მედეოს სპორტული კომპლექსის დათვალიერების შემდეგ. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მაღალმთიანი, ზამთრის სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილი კომპლექსი, ყველაზე დიდი ხელოვნური ყინულის მოედნით - 10,5 ათასი კვ. მ. 2010 წელს მოხდა ამ კომპლექსის რეკონსტრუქცია.
1980-იანი წლების დასაწყისში ვიყავი ჯეზკაზგანსა და შიმკენტში. განსაკუთრებით მომეწონა შიმკენტი, თანაც ისე, რომ 1987 წელს თბილისიდან იქ წავედი და მთელი 6 წლის მანძილზე ვიცხოვრე. ქალიშვილი იქ შემეძინა. ამ დროს ყალიბდებოდა კოოპერატიული მოძრაობა და მე ბიზნესი წამოვიწყე. ადგილობრივ მოსახლეობასთან ძალიან კარგი ურთიერთბა მქონდა და ბევრთან დავმეგობრდი, ყაზახეთში დღემდე მყვანან ახლო მეგობრები, ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ და არც თუ იშვიათად ვსტუმრობთ ერთმანეთს.
- რამდენად რთულია ბიზნესის კეთება ყაზახ პარტნიორებთან, არის რამე განსაკუთრებული მომენტები, რომელთა გათვალისწინებაც საჭიროა?
- შიმკენტი ძალიან ყაზახური ქალაქია, მიუხედავად მისი მოსახლეობის ინტერნაციონალური შემდგენლობისა. ეს არის მეტად დინამიური ქალაქი. ჩვენ ყველანი მეგობრულად ვცხოვრობდით. იმ ეპოქაში არ იყო ბევრი გასართობი, ასე რომ, ძირითადად, რესტორნებში ვიკრიბებოდით ხოლმე. ასე ჩვენ ვუახლოვდებოდით ერთმანეთს. მთელი პასუხისმგებლობით აღვნიშნავ, რომ არავინ აქცევდა ყურადღებას წარმომავლობას, თუ ვინ რა ეროვნების იყო. ყველანი ვცხოვრობდით ძმურად, ვეხმარებოდით ერთმანეთს, ბიზნესში კი ნდობის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ასე და ამრიგად, მოგახსენებთ - ყაზახები ყოველთვის თავიანთ მოვალეობად მიიჩნევდნენ, შეესრულებინათ მოცემული დანაპირები და ისინი სწორედ ამ პრინციპით ცხოვრობდნენ.
- როგორ აფასებთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკას? რა ნაკლოვანებებს გამოჰყოფთ, რისი გაუმჯობესებაა საჭირო?
- ვფიქრობ, რომ ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახეთს შორის დადებითად განაგრძობს განვითარებას. სააკაშვილის რეჟიმისა და შემდგომი ხელისუფლების გამოც, წარმოიშობოდა ეკონომიკური ხასიათის სადავო საკითხები, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ჩვენი ხალხების მეგობრობა და ურთიერთგაგება იმდენად ძლიერია, რომ ყაზახეთთან ჩვენი მეგობრობა არასოდეს დამდგარა ეჭვს ქვეშ, ადგილი არ ჰქონია პოლიტიკურ პრობლემებს. ამაში დიდი წვლილი მიუძღვნის ნურსულთან ნაზარბაევს. ეგრეთ წოდებული „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ნაზარბაევი პირველი მასშტაბური სიდიდის პოლიტიკოსი იყო, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და ინვესტიციებით სასიცოცხლოდ დაინტერესებულ ქვეყანაში მოიტანა კიდეც იმ დროისათვის წარმოუდგენელი ინვესტიციები... ნაზარბაევმა გამოაცხადა, რომ ყაზახური ბიზნესი საქართველოში 500 მილიონ დოლარს ჩადებდა. ყაზახეთის ინვესტიციებს შორისაა კომპანია KazTransGas, ბათუმის პორტი, ბანკი Halyk Bank Georgia, სასტუმრო Radisson, ნავთობკომპანია Rompetrol. მოგვიანებით, ინვესტიციებმა 800 მილიონ დოლარს მიაღწია, ან, შესაძლოა, სულაც მილიარდ დოლარს. ამ ინვესტიციებიდან ყაზახეთი ყოველთვის არ ელოდა პირდაპირ საფინანსო სარგებელს, ეს განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს და დაფასდეს.
საქართველოში ყაზახეთის საელჩო ძალიან კარგად მუშაობს და იგი წარმოადგენს კეთილგანწყობისა და კომპეტენტურობის მაგალითს. ეს იმის დამადასტურებელია, რომ ყაზახეთს კვლავინდებურად აქვს დაინტერესება საქართველოსადმი, როგორც თავისი პარტნიორისადმი.
- ყაზახეთის საერთაშორისო სტატუსის თქვენეული აღქმა: როგორია ყაზახეთის პოლიტიკური გავლენა რეგიონსა და მსოფლიოში, მისი სამშვიდობო მოღვაწეობის გათვალისწინებით?
- ყაზახეთის მშვიდობისმყოფელობა განსაკუთრებული თემაა, რომელიც მსოფლიო საზოგადოებრიობის მხრიდან პატივისცემას იმსახურებს. ყაზახეთი არაერთი სამშვიდობო მისიის აქტიური მონაწილეა და პარტნიორები დიდი პატივისცემით აღნიშნავენ ამ სახელმწიფოს მიერ შეტანილ წვლილს მშვიდობის განმტკიცებასა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. 2006 წელს დაარსდა ყაზახური სამშვიდობო ბრიგადა «Казбриг». მოგვიანებით კი ცალკე ჩამოყალიბდა გაერთიანებული მსროლელი ბატალიონი. თავისი არსებობის მანძილზე ყაზახურმა სამშვიდობო ძალებმა მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე მისიაში ტაჯიკეთსა და ერაყში. აღნიშნულ ოპერაციებში დაიღუპა 72 ყაზახი მშვიდობისმყოფელი, რომელთა ნაწილი დაკარგულად მიიჩნევა. სირიის პრობლემასთან დაკავშირებული ასტანის პლატფორმა, ბევრისათვის მოულოდნელად, პოზიტიური სიურპრიზი გამოდგა, რადგან ამ ურთულესი კრიზისის მოგვარების საქმეში სერიოზული წარმატებები იქნა მიღწეული.
- რა გამოცდილების გადმოღება შეიძლება ყაზახეთისაგან, საქართველოში ცხოვრების ამა თუ იმ სფეროს გაუმჯობესების მიზნით?
- პირველ რიგში, უნდა დავფიქრდეთ, ჩვენმა დიდმა მეფემ დავით აღმაშენებელმა რატომ დაიახლოვა ყივჩაღები და რატომ დაუნათესავდა სწორედ მათ. რატომ მოუხმო სწორედ მათ საქართველოს დასაცავად და შექმნა რეგულარული არმია. გამოდის, რომ მაშინ უკვე არსებობდა ურთიერთობების გარკვეული ჯაჭვი. ვფიქრობ, რომ ყაზახები იმ ხალხების რიცხვს განეკუთვნებიან, რომლებიც გამოირჩევიან კარგი დისციპლინითა და შრომისმოყვარეობით. ესაა წარმატების საფუძველი.
რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ყაზახეთი ბუნებრივი რესურსებით უმდიდრესი ქვეყანაა, ჩვენ კი გვაქვს ევროკავშირთან ასოცირება, რის გათვალისწინებით, შესაძლებელია, ერთობლივი საწარმოების შექმნა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე თანამშრომლობა.
- თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ყაზახეთში შეიცვალა პრეზიდენტი და დაინიშნა ვადამდელი არჩევნები, როგორია? შეინარჩუნებს ყაზახეთი თავის საინვესტიციო მიმზიდველობას ამ ფონზე?
- ნაზარბაევი მთელი ეპოქაა, იგი გახლავთ ცოცხალი ლეგენდარული პიროვნება და, ვისურვებ, რომ ღმერთმა მას კიდევ მრავალი წელი მისცეს თავისი ქვეყნის სასიკეთოდ. თავისი დანაპირების შესაბამისად, იგი ბოლომდე მოემსახურება ხალხსა და სახელმწიფოს, ვისთვისაც მან ასე ბევრი გააკეთა და თავის ჯანმრთელობას არ ზოგავდა. ვფიქრობ, რომ პროცესები წარიმართება დემოკრატიულ კალაპოტში და ყაზახეთი გადადგამს უდიდეს ნაბიჯს თანამედროვე პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით.
ყველა შემთხვევა ხელისუფლების გადაცემისა არის დემოკრატიული პროცესი, თუკი საუბარი არ გვაქვს ხელისუფლების უკანონო, ძალისმიერ აღებაზე. ყველგან თავისი სპეციფიკა არსებობს. მე ჯერ კიდევ 1989 წლიდან ვაკვირდები ერის ლიდერის ნაზარბაევის პოლიტიკას. ჯერ კიდევ მაშინ იგი სხვა ძლიერი მეურნეებისა და მმართველების ფონზე გამოირჩეოდა. ნაზარბაევი არის ბალანსის დიდოსტატი, რაც აქტუალურია როგორც საერთაშორისო არენაზე, ისე ყაზახური საზოგადოების შიგნით. მე იგი მიმაჩნია, და არა მარტო მე, დენ სიაოპინის დონის პოლიტიკოსად.
ხელისუფლების ტრანზიტი, პირველ რიგში, იძლევა ხელისუფლების მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფის საშუალებას. ეს კი ძალზე სჭირდება შუა აზიის რეგიონს იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ იქვეა ძალზე შფოთიანი ზონა, სადაც მრავალი წელია, მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები და არსებობს საფრთხე, რომ პრობლემებმა, შესაძლოა, შუა აზიის რეგიონში გადმოინაცვლოს. იქ, როგორც ვფიქრობ, მთავარი პასუხისმგებლობა სტაბილობასა და განვითარებაზე აკისრია ყაზახეთს. მემკვიდრეობითობის პოლიტიკა, როგორც ეს თავის დროზე ჩინეთში იყო, უზრუნველჰყოფს როგორც ყაზახეთის, ისე მთელი რეგიონის სტაბილობასა და განვითარებას.
შთამბეჭდავია ყაზახეთის ეკონომიკური განვითარება. ეკონომიკური ზრდის დონე შეიძლება, მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს შევუდაროთ. მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფით, ქვეყანას შეუძლია, თავს უფლება მისცეს, გადაერთოს სოციალური პროექტების განხორციელებაზე. თვით პრეზიდენტის გადადგომაც ვერ მოახდენს ცუდ გავლენას შესანიშნავ საინვესტიციო კლიმატზე. ყაზახეთში ბიზნესის კეთება არ შეიცავს განსაკუთრებულ რისკებს, რადგან ქვეყანამ დაამტკიცა საკუთარი სტაბილობა. მეტიც, ვინაიდან ყაზახეთი მეზობელი ქვეყნებიდან იზიდავს სამუშაო ძალას, ამ გზით მას სტაბილობა და სიმშვიდე თავის სამეზობლოშიც გადააქვს. ხელისუფლების ტრანზიტი მიმდინარეობს დემოკრატიულად, სავსებით თავისუფალი საარჩევნო პროცესისა და აბსოლუტურად მშვიდი პოლიტიკური ატმოსფეროს ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ პრეზიდენტს ძლიერი სახალხო მხარდაჭერა ექნება.
ესაუბრა გულბაათ რცხილაძე