საზოგადოება
დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი: რამდენიმე სიტყვა ვაჟა-ფშაველაზე (საქინფორმის ექსკლუზივი)

     ქართული კულტურის გამოჩენილ მოღვაწეთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ვაჟა-ფშაველას. XIX საუკუნის დამლევის და XX საუკუნის დასაწყისის ამ ერთ-ერთმა ბრწყინვალე პოეტმა უზარმაზარი წვლილი შეიტანა ქართული ლიტერატურის განვითარებაში, დიდი გავლენა მოახდინა ხელოვნების ბევრ მოღვაწეზე, არა მხოლოდ თავის თანამედროვეებზე, არამედ მიმდევრებზეც. მშობლიური მიწისადმი და თავისი ხალხისადმი სიყვარულით გამსჭვალული მისი ლირიკა დღემდე რჩება ჭეშმარიტი პოეზიის უბადლო ნიმუშად.

     ამასთან ერთად, პრაქტიკულად, განხილვის გარეშე რჩება ვაჟა-ფშაველას პოეზიის სულიერი საფუძვლები. ისინი კი მის შემოქმედებაში უდავოდ არსებობს. მრავალრიცხოვანი ლიტერატურათმცოდნეები, ძირითადად, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების ზოგად კანონზომიერებებს შეისწავლიდნენ. მხოლოდ მ. ბეჟიტაძის ნაშრომი „პატრიოტული მოტივების საფუძვლები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში“ (თბილისი, 1984) ნაწილობრივ ეხება ამ პრობლემატიკას. ამიტომ, სრულად აღწერის რაიმე პრეტენზიის გარეშე, მინდა შემოგთავაზოთ ლექსის „ჩემი ვედრება“ (1884) მცირე ანალიზი.

       ჯერ რამდენიმე სიტყვა თვით ავტორის შესახებ. ვაჟა-ფშაველა დაიბადა მღვდლის ოჯახში, სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, ამიტომ ღვთის რწმენა დედის რძესთან ერთად ჰქონდა შეთვისებული, ბუნებრივია, რომ ღმერთისადმი მისი მიმართვა, ერთი მხრივ, ძალზე პირადული იყო, ხოლო მეორე მხრივ - ეფუძნებოდა ტრადიციულ ღირებულებებს, რომლებიც მასში მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღზარდა. სწორედ ამ პოზიციებიდან განვიხილავთ ხსენებულ ლექსს.

     პირველივე სიტყვებით პოეტი უფალს მიმართავს:

     „არ დამეკარგოს გულიდან

     მე შენი სახსოვარია!“

     ეს სიტყვები ღვთისმსახურებისას დიაკვნის სიტყვებს გვაგონებს: თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ“. ვხედავთ, რომ პოეტს ლოცვის ტექსტი გადაუკეთებია, მაგრამ არ შეუცვლია მისი არსი, რაც ღმერთისადმი ადამიანის მორჩილებაში მდგომარეობს. ამასთანავე, შემდგომში მას ესმის, ერთ-ერთი უმთავრესი ცოდვაა სასოწარკვეთილება და ამიტომ მაშინვე ლოცულობს, რათა უფალმა მისგან იხსნას:

     „გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,

     მამყოფე შეუდრკელადა“.

აგზავნის რა თავის მოწაფეებს საქადაგოდ, უფალი ეუბნება მათ: „აჰა, მე გაგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის“ (ლუკა 10,3). ვაჟა-ფშაველას მომდევნო სიტყვები პირდაპირ მიუთითებს მკითხველს ამ სახარებისეულ სახეებზე:

     „ბალახი ვიყო სათიბი,

     არა მწადიან ცელობა,

     ცხვრადვე მამყოფე ისევა,

     ოღონდ ამშორდეს მგელობა“;

     ამგვარად, ვხედავთ, რომ პოეტი განიხილავს თავის მსახურებას, როგორც ქადაგების ფორმას, რომელიც გამუდმებით ეჯახება ამა ქვეყნის სულისკვეთების წინააღმდეგობას. ამასთანავე, მას ესმის, რომ მისი შრომა არა უბრალოდ მადლმოფენილია, არამედ მას „წმინდასაც“ კი უწოდებს:

     „არ წამიხდინო, მეუფევ,     ეს ჩემი წმინდა ხელობა!“     ცხადია, ვერ ვიფიქრებთ, რომ ვაჟა-ფშაველას საკუთარი თავი და თავისი პოეზია წმინდად წარმოედგინა იმ გაგებით, როგორც ეს ეკლესიაში ესმით. აქ, უდავოდ, ადგილი აქვს ერთგვარ, საერო ნაწარმოებში სრულიად დასაშვებ პოეტურ გაზვიადებას.

     „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე, 4,16). წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველის ეს ფორმულა ქრისტიანული ეთიკის ერთ-ერთ ძირითად დებულებად შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომ, ბუნებრივია, ვაჟა-ფშაველამაც გვერდი ვერ აუარა ამ თეზისს, მაგრამ ის ღრმად პოეტური ფორმით ჩამოაყალიბა:

     „გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,

     მნათობს ტრფობისა შეშითა“.

     სიყვარული, რომელიც აფრთიანებს პოეტს, მას უპირველეს ყოვლისა ისე ესმის, როგორც ღვთის წყალობა. ამიტომ ლოცვით მიმართავს შემოქმედს, რათა მან შრომაში გააძლიეროს. და ეს მოწოდება ვაჟა-ფშაველასთან სრულიად სახარებისეულად გაისმის:

     „დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე

     ჩემის გონების საბანზე!..

     გონებას ფიქრი სტანჯავდეს“ - შეადარე მარკოზი. 12, 30.

     როგორც ყველა შემოქმედს, პოეტს ადარდებს სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხები. და აქაც მას პრობლემა ქრისტიანული პოზიციიდან ესმის:

     „მფარავდეს შენი მარჯვენა,

     კალთა სამოსლის შენისა,

     სანამ არ მოვა დრო-ჟამი“.

     ამგვარად, პოეტურად პერეფრაზირებულია ექტენიის დასკვნითი თხოვნის სიტყვები, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ. ამასთან, ლექსი თითქოს წრიულ სტრუქტურას იძენს და ახლა უკვე დასრულებული სახე აქვს. ამიტომაც ჟღერს ასე საზეიმოდ ბოლო სტრიქონები:

     „სული - შენ, ლეში - მიწასა,

     აღარა ვგლოვობ ამასა;

     თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,

     შვილი - დედას და მამასა“.

     დასკვნითი სიტყვებით მშობლებისადმი მიმართვაც არ გახლავთ შემთხვევითი. ვაჟა-ფშაველა, როგორც ქართველი ხალხის ჭეშმარიტი შვილი, მშობლების მიმართ პატივისცემის სულისკვეთებით გაიზარდა და ეს ტრადიცია მხოლოდ წინაპართა წარმართული კულტიდან კი არ მოდის, არამედ, პირველ რიგში, მამა-ღმერთის, როგორც მთელი „ხილული და უხილავი“ სამყაროს შემოქმედის გაგებიდან.

     შევაჯამოთ. დიდი ქართველი პოეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსის მოკლე ანალიზმა გვიჩვენა, რომ მის შემოქმედებაში უდავოდ არის ქრისტიანული მოტივები, რომელთა იგნორირება, ყურადღებით წაკითხვის შემთხვევაში სწორი არ იქნებოდა.

საქართველოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი,

დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი

საქართველო, თბილისი,
2019 წლის 16 აპრილი
საქინფორმი