პუბლიკაციები
სოციალურ ქსელში ბათუმის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება (ვიდეო)

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. სოციალური ქსელით ბათუმის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება (ვიდეო იხ. აქ).

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დაუპირისპირდა ბათუმის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდანროინ ზოიძექართული ოცნების დეპუტატს ირაკლი პატარიძეს.

დაპირისპირებაში სხვა პირებიც ჩაერთნენ. ინციდენტის დროს დაშავდა როინ ზოიძე, რომელიც მოგვიანებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბათუმის საკრებულოში ორი დაპირისპირება მოხდა. პირველად დეპუტატებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის განცხადებებს მოჰყვა. ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია ვარაუდობს, რომ „ბათუმის წყალში“, „სანდასუფთავებასა” და სხვა აიპებ-ში ნეპოტიზმია, აღნიშნულ სამსახურებში ხელმძღვანელი პირების ნათესავები არიან დასაქმებული და სწორედ ამიტომ არ აწვდიან თანამშრომლების სიას.

მორიგი დაპირისპირება ტერენტი გრანელის ბიუსტის საკითხის განხილვას მოჰყვა. ფიზიკური დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის წევრ მირდატ ქამადაძესა და ქართული ოცნების წევრ ირაკლი პატარიძეს შორის მოხდა.

ირაკლი პატარიძემ ბათუმის საკრებულოში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ დაგეგმილი იყო პროზაიკოს ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსება. მირდატ ქამადაძემ კი მას შეუსწორა, რომ ტერენტი გრანელი პოეტია. ამას ირაკლი პატარიძის გაღიზიანება მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.