საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მთავარი ინტრიგა - ვინ არიან ის მინისტრები, რომლებიც, შესაძლოა, სახელისუფლებო რგოლს გამოეთიშონ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გვარები არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ რამდენიმე მინისტრის მისამართით კითხვის ნიშნები არსებობს და მათ საქმიანობას პრემიერი მამუკა ბახტაძე განსაკუთრებით აკვირდება.
„კურიერის“ ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილი, შესაძლოა, ჩაანაცვლოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.
„კურიერის“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან დანიშნულია შეხვედრა, სადაც საბოლოოდ გადაწყდება შეინარჩუნებს თუ არა ციხელაშვილი თავის თანამდებობას.
ბოლო სამი დღეა, „ქართული ოცნების“ წევრების უმრავლესობა ჟურნალისტებს არწმუნებს, რომ არ იციან, ვინ არის მთავრობის ერთი ქალი და კიდევ ორი მინისტრი, ვისშიც ივანიშვილი პრობლემებს ხედავს.
მთავრობაში სულ 3 ქალი მინისტრია - თეა წულუკიანი, მაია ცქიტიშვილი და ქეთევან ციხელაშვილი. როგორც ივანიშვილი ამბობს, აქედან ერთ-ერთის მუშაობით უკმაყოფილოა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს კითხვები მინიტრთა კაბინეტის კიდევ რამდენიმე წევრთან აქვს. იმას, რომ სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები მიმდინარეობს, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ადასტურებს.
იგულისხმა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა თეა წულუკიანი და გიორგი ქობულია იმ მინისტრებში, რომლებიც, შესაძლოა, პრემიერმა შეცვალოს, ეს კითხვა „კურიერმა“ ორივე მინისტრს დაუსვა და ორაზროვანი პასუხი მიიღო.
მინიტრთა კაბინეტში ცალკეული წევრების ცვლილებები დიდი ხანია აღარ მომხდარა. ბოლო პერიოდში მხოლოდ მთავრობის ხელმძღვანელი იცვლება.