საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ე.წ. სამეფო დავის განხილვა შეწყდა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი საქალაქო სასამართლოდან იუწყება.
მოსამართლემ განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის განხილვის რაიმე საფუძველი.
ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელისა და სამეფო ტიტულების გამოყენებას ედავებოდნენ. მოსარჩელე მხარე მოითხოვდა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მათი სახელის გამოყენების უფლება ჩამორთმეოდა.
ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა 11 მარტს განაცხადა, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სამეფო ოჯახის ყოფილი სიძეა და არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, ისაუბროს სამეფო სახლის სახელით, გასცეს ჯილდოები და ორდენები.
რაც შეეხება დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ განაცხადა, რომ „ბაგრატიონ-გრუზინსკები სასამართლო დავით ცდილობენ, აღიარება მოიპოვონ, თუმცა გენეალოგია არ აქვთ შესაბამისობაში“.