საზოგადოება
წყლის მრიცხველები მხოლოდ მოქალაქეების ჯიბეს გაწმენდს და არა – წყლის შემადგენლობას

water-counterმიმდინარე წლიდან წყლის გამრიცხველიანების პროცესი იწყება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში მოქმედმა წყალგამანაწილებელმა კომპანიებმა 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების აბონენტებსა და უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილ მოსახლეობას ინდივიდუალური მრიცხველები უნდა დაუმონტაჟონ.

სემეკის დადგენილებით, თითოეული აბონენტის აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის ზედა ზღვარი 100 ლარია და ეს თანხა აბონენტმა თავადვე უნდა დაფაროს. აღნიშნულ თანხაში შედის ყველა ხარჯი – პროექტირება და მრიცხველის შეძენა-მონტაჟი.

ამ თანხას პირველ ეტაპზე კომპანია თავად გაიღებს, აბონენტი ვალის დაფარვას მრიცხველის დამონტაჟებიდან 6 თვის შემდეგ დაიწყებს. თანხა 24 თვეზე ნაწილდება. სემეკის დადგენილების თანახმად, მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების, ანუ აღრიცხვის კვანძების მოწყობის ხარჯები წყალმომარაგების ტარიფში არ აისახება, რადგან ამ ხარჯებს მომხმარებელი თავად დაფარავს. კომპანია „ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები აბონენტებს მოუწოდებენ, არ შეაფერხონ გამრიცხველიანების პროცესი.

 

„როდესაც აბონენტს დამონტაჟებული აქვს მრიცხველი, ის, როგორც წესი, უფრთხილდება და ზოგავს თავის ბიუჯეტს და, შესაბამისად, სასმელ წყალსაც. ამასთან, აუცილებლად აწესრიგებს სანიტარიულ ტექნიკას საკუთარ ბინაში“, – აცხადებენ კომპანიაში, თუმცა არაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ როგორი წყალი მიეწოდება მოსახლეობას.

გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2010 წელს ჩატარებული კვლევის დასკვნის თანახმად, ქვეყანაში სადღეისოდ მოქმედი წყალმომარაგების სისტემების ტექნიკური ექსპლუატაცია ვერ უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ეპიდემიური თვალსაზრისით – უსაფრთხო, ქიმიური შემადგენლობით – უვნებელი და ორგანოლეპტური თვისებებით – კეთილსასურველი სასმელი წყლის მოსახლეობისათვის მიწოდებას. ანალიზმა ცხადყო, რომ სასმელი წყალი დაბინძურებულია ანთროპოგენურად და ბაქტერიულად. თუმცა ამ საკითხისთვის შესაბამის ორგანოებს დღემდე ყურადღება არ მიუქცევიათ.