რელიგია
ილია მეორე: ჩვენ, ქართველებს, მეტი სიბრძნე გვმართებს, უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, არ უნდა დაგვჭირდეს ამდენი მსხვერპლი გაერთიანებისათვის, უნდა ვიცოდეთ - მტერი არ დაგინდობს (ვიდეო)

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. არ უნდა დაგვჭირდეს ამდენი მსხვერპლი გაერთიანებისათვის, ჩვენ მუდამ ერთიანი უნდა ვიყოთ, ასეთი ბედი გვაქვს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 9 აპრილთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა (ვიდეო იხ. აქ).

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკეთესობისკენ წავიდეს ჩვენი ცხოვრება, პატრიარქმა უპასუხა, რომ უნდა დავინახოთ მომავალი და გავითვალისწინოთ, ვის ვებრძვით.

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, დავინახოთ მომავალი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, ვის ვებრძვით. უნდა ვიცოდეთ, რომ მტერი არ დაგინდობს. მეტი სიბრძნე გვმართებს. ეს იყო საოცარი თავდადება. ეს იყო ბრძოლა მომავლისათვის, მომავალი თავისუფლებისათვის. არ უნდა დაგვჭირდეს ამდენი მსხვერპლი გაერთიანებისათვის. ჩვენ მუდამ ერთიანი უნდა ვიყოთ, ჩვენ ასეთი ბედი გვაქვს. ქართველი ადამიანი ადვილად სწირავს თავის თავს სამშობლოსათვის, მეგობრებისათვის“, – განაცხადა ილია მეორემ.

ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია ერთმანეთისთვის მოსმენა.

ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს. მოსმენის კულტურა გვაკლია. ესეც თვისებაა ქართველი ადამიანის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება, სხვა ადამიანმა თქვას ჩემზე უკეთესი“, – განაცხადა პატრიარქმა.

ასევე, როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ქართველებს ახასიათებს საშიშროების წინაშე გაერთიანება.

ეს გვახასიათებს ჩვენ, საშიშროების წინაშე ჩვენი ხალხი ერთიანდება და ეს თვისება ახასიათებს ქართველ ადამიანს, ხალხს. აჩვენა ჩვენმა ხალხმა მტერს, რომ ჩვენ მტრულად არ ვიყავით განწყობილი. ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ესენი წამოვიდოდნენ ასე დაუზოგავად ხალხზე. მე რომ დავბრუნდი სახლში, შევედი სიონის ტაძარში და მიცვალებულები იქ იყვნენ დასვენებული. ეს იყო უმძიმესი საყურებელი“, – განაცხადა პატრიარქმა.

შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა გააზრებული, რომ შეიძლებოდა, მისთვისაც ბოლო ყოფილიყო ის დღე, პატრიარქი პასუხობს, რომ ამისთვის მზად იყო.

მე მზად ვიყავი მაგისთვის, მაგრამ მოხდა სხვანაირად“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.