საზოგადოება
საქართველოს მთავრობა აშშ-ში ლობისტებს $1,5 მილიონს გადაუხდის

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. 2019 წელს საქართველო აშშ-ში მომუშავე ლობისტურ კომპანიებს, სულ მცირე, 1 530 000 აშშ დოლარს გადაუხდის.

საქართველოს მთავრობამ აშშ-ში ერთ-ერთ ლობისტურ ფირმასთან 750 000-დოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა; ამასთან, 2019 წელს მთავრობამ გააგრძელა კონტრაქტი კიდევ ერთ ლობისტურ კომპანიასთან, რისი ღირებულებაც 780 000 აშშ დოლარია.

მთავრობამ, კერძოდ კი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ლობისტურ კომპანიასთან, სახელად Hill and Knowlton Strategies LLC (მოკლედ — H&K), გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს ლობირებას ითვალისწინებს.

დოკუმენტის თანახმად, რომელიც კომპანიამ 2019 წლის 4 აპრილს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს წარუდგინა უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (Foreign Agent Registration Act – FARA) ფარგლებში, ლობისტურ მომსახურებაში კომპანიამ 750 000 აშშ დოლარი უნდა მიიღოს.

ხელშეკრულების ვადა 31 აგვისტოს იწურება. შვიდი თვის განმავლობაში სამინისტრო ვალდებულია, ყოველთვიურად 107 143,86 აშშ დოლარი გადაიხადოს, ანუ, ჯამში, 750 000 აშშ დოლარი.

თანხის სანაცვლოდ კომპანია იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას სხვადასხვა ბიზნესჯგუფთან, კანონმდებლებთან (როგორც ფედერალურ, ასევე შტატების დონეზე) და ამერიკელ ხალხთან კონტაქტის დამყარებაში. კონტაქტის დამყარების მიზანია, მოხდეს ცნობიერების ამაღლება საქართველოში არსებულ უზარმაზარ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით“.

H&K იღებს ვალდებულებას, ბიძგი მისცეს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას აშშ-სა და საქართველოს შორის“. ამ მიზნით კომპანია:

ჩაატარებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას;

განავითარებს რეგიონულ ბიზნესკოალიციას, იპოვის მისთვის წევრებს, და გააკეთებს ამ კოალიციის ვებსაიტს;

დაგეგმავს, როგორ ჩართოს პოლიტიკური ლიდერები და სხვადასხვა ბიზნესი ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხში;

კონტაქტებს დაამყარებს გავლენიან აქტორებთან, მათ შორის კვლევით ორგანიზაციებთან და აკადემიაში დასაქმებულებთან და ..

ხელშეკრულებას ხელს აწერენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და H&K-ის მთავარი ფინანსური ოფიცერი ჯეფ მარკუსი.

საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში 750 000 დოლარად შეისყიდა საკონსულტაციო მომსახურება ლობისტური კომპანიისგან, სახელად Chartwell Strategy Group, LLC („ჩარტველი“).

„ჩარტველი“ 2019 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს 65 000 აშშ დოლარს, რაც ნიშნავს, რომ 12 თვეში მთავრობა ამ მომსახურებაში 780 000 აშშ დოლარს გადაიხდის.

თანხის სანაცვლოდ „ჩარტველი“ იღებს ვადლებულებას, რომ დაეხმარება დამკვეთს აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და ვაჭრობის გაფართოების, აშშ-დან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ასევე, მედიასა და საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებთან ურთიერთობაში; ხელს შეუწყობს შესაბამისი ღონისძიებებისა და შეხვედრების ორგანიზებასა და აშშ-ის ხელმძღვანელი პირების ინფორმირებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე“.

ამ მოლაპარაკებაში საქართველოს წარმოადგენს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი, კომპანია „ჩარტველს“ კი - მმართველი დირექტორი მეთიუ ეპერლი.

ამ კომპანიასთან მთავრობას 2018 წელსაც ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულება თითქმის 600 000$ იყო. ხელშეკრულება იმავე მომსახურების გაწევას ითვალისწინებდა.

2017 წელს საქართველოს მთავრობას ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ლობისტურ ფირმა Rasky Partners-თან, რომლის მმართველი დირექტორი დეივიდ მასი იყო, რომელიც ამჟამად „ჩარტველის“ დირექტორია. საქართველო წლების განმავლობაში აფორმებს ხელშეკრულებებს ლობისტურ კომპანიებთან აშშ-ში.