აქტუალური
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნატოში მეკავშირე ოფიცერი მიავლინა

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შტაბბინაში მეკავშირე ოფიცერი მიავლინა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ნიკოლოზ ქავთარაძის აკრედიტაციის შესაბამისი პროცედურა ნატომ ოფიციალურად დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი, ალიანსში ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, უზრუნველყოფს მუდმივ კომუნიკაციასა და კოორდინაციას ნატოს საზღვაო ძალების სარდლობასთან, ნატოს გაერთიანებული ძალების უზენაეს სარდლობასთან და ნატოს შტაბბინასთან.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო-ნატოს ურთიერთობებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, რისი განხორციელებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის სფეროს წარმოადგენს. აღნიშნული მზაობა 2018 წელს ნატოს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციითაც დადასტურდა, სადაც საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინიციატივები განისაზღვრა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.