სამართალი
დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა

 საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. ბაგრატიონების სამეფო ოჯახში სკანდალი გრძელდება. ანა ბაგრატიონი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

მისი ადვოკატი დეტალებზე, გაუთქმელობის ვალდებულებიდან გამომდინარე, ვერ ლაპარაკობს, თუმცა მედიასთან აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც დავით ბაგრატიონის სხვადასხვა დანაშაულს, მათ შორის ფიზიკურ შეურაცხყოფასაც გულისხმობს.

როგორც ირკვევა, საგამოძიებო ორგანოებში დაბარებული უნდა ყოფილიყო დავით ბაგრატიონ-მუხრანელიც, თუმცა მან ქვეყანა დატოვა.

ადვოკატი ამბობს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გაემგზავრა მადრიდში, ესპანეთში. მისივე განმარტებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ბაგრატიონ-მუხრანელის დედა გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველ ორგანოში იძიებენ საქმეს, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტს ეხება, რომელიც 2014 წლის 9 მაისს საგურამოში მოხდა.

ცნობისთვის, ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა. წყვილი ოფიციალურად 2016 წელს განქორწინდა.

პარალელურად, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და მისი მამა ნუგზარი ყოფილ სიძეს დავით ბაგრატიონ მუხრანელს სასამართლოში უჩივიან. სამოქალაქო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობს.