აქტუალური
ტურიზმის რეიტინგში საქართველო 73-ე ადგილზეა

wefმსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (მეფ) გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით: „მოგზაურობა და ტურიზმი: კონკურენტუნარიანობა 2011“, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ტემპებია შეფასებული.

ანგარიშში წარმოდგენილია ამ მიმართულებით შედგენილი 139 ქვეყნის რეიტინგი, სადაც საქართველო 73-ე ადგილს იკავებს. 1-დან 7-მდე ქულათა გრადაციაში საქართველომ 3,98 ქულა მიიღო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რეიტინგში საქართველო 2009 წელსაც ანალოგიურ – 73-ე პოზიციას იკავებდა.

რეიტინგში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოს მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები და რუსეთი (59-ე ადგილი) უსწრებენ, კავკასიის რეგიონის მასშტაბით კი საქართველო პირველ ადგილზეა. რეიტინგში სომხეთი 83-ე ადგილზეა, ხოლო აზერბაიჯანი – 90-ზე.

ცნობისთვის: რეიტინგში საქართველო უკრაინასაც უსწრებს, რომელიც 85-ე პოზიციას იკავებს.

მეფ–ის მიერ შედგენილ რეიტინგში შვეიცარია ლიდერობს, მეორე ადგილზე გერმანიაა, ხოლო მესამეზე – საფრანგეთი.

როგორც ანგარიშის ავტორები წერენ, ყველა ქვეყანას შესაბამისი ქულა და რეიტინგში ადგილი ქვეყნის კანონმდებლობის, გარემოს დაცვის, ჰიგიენის ნორმების დაცვის, მოგზაურობის, ტურიზმის პრიორიტეტების და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მგზავრობის ფასების, ასევე, კულტურული სიმდიდრეების საფუძველზე მიენიჭა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის“ ანგარიშისა და რეიტინგის შემუშავებაში აღნიშნულ ქვეყნებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები დაეხმარნენ.

საქართველოდან ანგარიშის შექმნაში მონაწილეობდნენ ორგანიზაცია „Business Iniciative for in Georgia“-ს ხელმძღვანელი თამარ ჯანაშია, ასევე, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები მამუკა წერეთელი და გიგა მახარაძე.

შეგახსენებთ, რომ პირველად ასეთი მოხსენება მეფ–მა გამოაქვეყნა 2007 წლის 1 მარტს.