რელიგია
მეუფე დანიელი: ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის დაწესება ემსახურება იმას, რომ ქართველმა ერმა გააცნობიეროს, რას ნიშნავს ღვთისმშობლის წილხვდომილობა

 საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქო იმედს გამოთქვამს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული შეასრულებს დიდ მისიას ქართველი ერის სულიერი გაჯანსაღების, სამოქალაქო მშვიდობისა და კონსოლიდაციის, მისი შემდგომი აღორძინებისა და სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში.

ამასთან დაკავშირებით განცხადება ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა გააკეთა.

როგორც მეუფე განმარტავს, 2018 წლის 27 დეკემბერს, წმინდა სინოდის განჩინებით, 12 მაისი გამოცხადდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ამ დღეს რამდენიმე წელია, საქართველოს ეკლესია ანდრია პირველწოდებულის შემობრძანებას აღნიშნავს, ანუ ქრისტიანობის შემოსვლას და ეკლესიის დაარსების დღესასწაულს.

ანდრია პირველწოდებული საქართველოში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით შემობრძანდა, რომელსაც შემდგომ აწყურის ღვთისმშობელი ეწოდა და ამ ხატის შესახებ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, რომ ეს ხატი იქნებოდა ღვთისმშობლის ნაცვალი და მფარველი ჩვენი ქვეყნისა, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ეს ნიშნავს, რომ თავად ღვთისმშობელი უხილავად შემობრძანდა საქართველოში ანდრია პირველწოდებულთან ერთად და თავად ღვითიმშობელი არის უპირველესი განმანათლებელი ჩვენი ერისა და რასაკვირველია, მფარველი მთელი მისი ისტორიის მანძილზე“, – განაცხადა მეუფე დანიელმა და „ქართლის ცხოვრებიდან“ ამონარიდი წაიკითხა.

მისი თქმით, ღვთისმშობელს წილად ხვდა ქართლის მოქცევა, ქრისტიანობის ქადაგება საქართველოში და ასევე მისი მფარველობა მთელი მისი ისტორიის განმავლობაში.

ღვთისმშობლის ეს წყალობა და ღვთის წყალობა ღვთისშობლის მოვლინების სახით, რასაკვირველია, უდიდესი ძალა იყო, არის და იქნება მუდამ ჩვენი ერისა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა და კეთილდღეობა. ამისთვის ასევე საჭიროა, რომ ერი განუხრელად იცავდეს იმ მოძღვრებასა და ფასეულობებს, რომელიც მოგვიტანა ჩვენ უფალმა ღვთისმშობლისა და მისგან მოვლინებული ანდრია პირველწოდებულის და წმინდა ნინოს საშუალებით“, – აღნიშნა მეუფემ.

მისი თქმით, ღვთისმშობლის წილხვდომილობა არ არის უზრუნველყოფა უპირობო და უეჭველი გადარჩენისა, ეს არის საშუალება, ერმა შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებლობა, თავისი ეროვნული თვითმყოფადობა და განვითარდეს.

მხოლოდ მაშინ, როდესაც ერი თავის ფასეულობებს, ქრისტიანულ და ეროვნულ ფასეულობებს იცავდა, მაშინ იგი იცავდა თავის დამოუკიდებლობას, თავის კულტურას, თავის სიწმინდეებს და აღწევდა დიდ სიმაღლეს, მაგრამ როგორც კი ერი დასცილდებოდა ამ ფასეულობებს, ქვეყანაში დიდი ტრაგედიები დატრიალდებოდა ხოლმე. შესაბამისად, ღვთისმშობლის წილხვდომილობა არ არის უზრუნველყოფა ჩვენი უპირობო და უეჭველი გადარჩენისა. ეს არის საშუალება იმისა, რომ ერმა შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებლობა, თავისი ეროვნული თვითმყოფადობა და განვითარდეს. სწორედ ამას ემსახურება ამ დღესასწაულის დაწესება, რომ ქართველმა ერმა ზუსტად გააცნობიეროს, თუ რას ნიშნავს ღვთისმშობლის წილხვდომილობა, რომ ეს არის უპირველესად არა პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობა და მხოლოდ ამ შემთხვევაში, როდესაც ერი გააცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას, ქვეყანა დასძლევს ყველა იმ ხილულ თუ უხილავ წინააღმდეგობას, რომელიც მის გზაზე წარმოიქმნება“, – აცხადებს მეუფე.

მისი თქმით, სწორედ დღეს ჩვენს ერს სჭირდება თავისი სულიერი და ეროვნული ფასეულობების გაცნობიერება.

სწორედ დღეს, როდესაც გამოვიარეთ უმძიმესი პერიოდი ათეისტური ძალადობისა, ჩვენს ერს სჭირდება თავისი სულიერი და ეროვნული ფასეულობების გაცნობიერება და ასევე, მასზე დაფუძნებული ცხოვრების წესის აღდგენა, ხოლო ეს შეიძლება მოხდეს ღვთისმშობლის შეწევნით. რამეთუ სწორედ მისი წყალობით ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში სულიერი და ეროვნული ფასეულობები, რომელმაც გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა ჩვენი ქვეყანა.

დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს დღესასწაული შეასრულებს დიდ მისიას ქართველი ერის სულიერი გაჯანსაღების საქმეში, სამოქალაქო მშვიდობისა და კონსოლიდაციის საქმეში და მისი შემდგომი აღორძინებისა და სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.