როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 9 მარტს საარჩევნო გარემოზე მომუშავე 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ცსკ–ში სახელისუფლებო შტოსთან შეხვედრას გამართავენ, სადაც ეს უკანასკნელი არჩევნების ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით ჩატარების შესახებ საკუთარ პოზიციას საბოლოოდ დააფიქსირებს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ პოზიციით ხელისუფლება დააფიქსირებს არჩევანს რევოლუციასა და არჩევნებს შორის, ანუ იმ შემთხვევაში, თუ ის არჩევნების ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით ჩატარებას არ დათანხმდება, სამართლიანი არჩევნების იმედი საზოგადოებას აღარ უნდა ჰქონდეს და შესაძლოა, მოვლენებიც სხვაგვარად განვითარდეს.7 მარტს „Holiday Inn“–ში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილმა დაბეჯითებით აღნიშნა, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოლაპარაკებების პროცესში არ ჩაერთვებოდა.
თუმცა თუ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რამდენიმე კვირის წინათ გაკეთებულ განცხადებებს გავიხსენებთ, ოპოზიციის თავდაჯერებულობა ალბათ ეჭვქვეშ დადგება. კერძოდ, ოპოზიციის მოთხოვნაზე – არჩევნების ბიომეტრიული მონაცემებით ჩატარების შესახებ, საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფის სახელისუფლებო წევრმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ „საარჩევნო პროცესში პირადობის ბიომეტრიული გამოყენება საფრთხისშემცველია და ეს უცხოელი ექსპერტების დასკვნაშიც წერია. არცერთ ქვეყანაში ბიომეტრიული პასპორტებით იდენტიფიკაცია არ ხდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ველოსიპედის გამოგონება არ უნდა დავიწყოთ“.
ოპოზიციის იმედებისა და ლოდინის პარალელურად, საკმაოდ რადიკალური განცხადებები კეთდება „ქართული პარტიისა“ და „სახალხო კრების“ წარმომადგენლების მხრიდან, რასაც საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფში შემავალი „ეროვნული ფორუმიც“ იზიარებს.
რას გადაწყვეტს ხელისუფლება ოპოზიციის წინადადებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, სწორედ 9 მარტს გაირკვევა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ის დათმობაზე არ წავა და არჩევნების ბიომეტრიული მონაცემებით ჩატარებაზე საბოლოოდ იტყვის უარს, არ არის გამორიცხული, ეს გადაწყვეტილება ე.წ. რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი გეგმებისთვის განსახორციელებელ მიზეზთა ნუსხას შეჰმატოს და საზოგადოებაში კიდევ უფრო გააღვივოს აზრი რევოლუციის გარდაუვალობაზე.
რა შედეგები მოჰყვება ამ ყველაფერს და როგორ იმოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე მსგავსი მიმართულებით სვლა, ეს უკვე სხვა საკითხია, თუმცა ფაქტი ისაა, რომ მშიერი ბრბო ქუჩაში გამოსასვლელად შესაძლოა, ნებისმიერ ანკესზე წამოეგოს.
მთელ ამ სიტუაციაში, გარდა იმისა, რომ ოპოზიცია, წესით, კარგად უნდა დაფიქრდეს საკუთარ საქციელსა თუ გეგმებზე, დაფიქრება ალბათ ხელისუფლებასაც ჰმართებს, რადგან საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მისი გადაწყვეტილება შესაძლოა, სწორედ გადამწყვეტი აღმოჩნდეს. მით უმეტეს, რომ 9 მარტს დაგეგმილი შეხვედრა ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებების უმრავლესობაში ჟღერს.