სამართალი
ნატომ დაამტკიცა ე.წ. შავი ზღვის პაკეტი, რომელიც საქართველოს მხარდაჭერასაც ითვალისწინებს

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. ნატომ ე.წ. შავი ზღვის პაკეტი დაამტკიცა. როგორც ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი, აღნიშნული პაკეტი აერთიანებს ზომებს, რომელთა მიზანია შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება და საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება, განმტკიცება.

პაკეტი ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის სამსახურის წვრთნა, ვიზიტები პორტებში და ინფორმაციის გაცვლა.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატოს გემები უკრაინულ და ქართულ ხომალდებთან ერთად სწავლებაში მონაწილეობენ.

ჩვენ ფოკუსირებული ვართ ამ მნიშვნელოვან რეგიონზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, გაათავისუფლოს აზოვის ზღვაში დაკავებული უკრაინული გემები და სამხედროები.

მოკავშირეებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს საშუალო და ახლო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.