საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ჟენევის მოლაპარაკებების ახალი ფორმატის აუცილებლობის შესახებ უსარგებლო ლაპარაკია.
„მივიჩნევ, რომ ქართულმა მხარემ უნდა იზრუნოს საქართველოსა და აფხაზეთს შორის და საქართველოსა და "სამხრეთ ოსეთს" შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე. ჟენევის ფორმატის შეცვლაზე, მის პროდუქტიულობაზე ან არაპროდუქტიულობაზე დისკუსიები უბრალოდ უსარგებლოა“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.
დაურ კოვეს თქმით, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მთავარია იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის გაფორმება.
„სამწუხაროდ, ქართული მხარისგან არაკონსტრუქციულ მიდგომებს ვხედავთ“, - დასძინა მან.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აზრით, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი უფრო მაღალი დონის დიალოგით უნდა შეიცვალოს.
„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი უნდა შეიცვალოს უფრო მაღალი დონის დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგით. ჩვენ არ შეგვიძლია გადავჭრათ ჩვენი კონფლიქტი იმ ფორმატით, რომელიც უბრალოდ ტექნიკური საკითხებით არის დაკავებული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.