სამართალი
"სისხლნაჟღენთები სახეზე და ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები" - ანა ბაგრატიონი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს - ექსპერტიზის სკანდალური დასკვნა

 საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. მუხრანელებისა და გრუზინსკების დაპირისპირება, შესაძლოა, უფრო მწვავე ფაზაში გადავიდეს. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ყოფილი მეუღლე ფიზიკურად 2014 წლის 9 მაისს გაუსწორდა.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც 2014 წლის 20 მაისსაა გაცემული, ანას ცემიდან მეთერთმეტე დღეს, ადასტურებს, რომ დაზიანებები ემთხვევა შესამოწმებლის მიერ მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

ექსპერტიზის დასკვნას ახლავს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიერ ექიმისთვის მონათხრობი. დოკუმენტში წერია, რომ 2014 წლის 9 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ურტყამდა მუშტებს, გაშლილ ხელს, ფეხებს თავში და სხეულზე. ტრავმის მიღების მომენტში დაკარგა თუ არა გონება, არ ახსოვს, ჰქონდა გულის რევის შეგრძნება.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მონათხრობის მიხედვით, მას ქმარმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა. ქალს სახეზე და სხეულზე დაზიანებები ეტყობოდა, რის გამოც მეუღლემ ორი დღის განმავლობაში საგურამოდან თბილისში არ გაუშვა.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქმარი ხშირად სცემდა. მას პოლიციისთვის არასდროს მიუმართავს. ბოლო ფიზიკური თავდასხმის შემდეგ კი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით მიმართა.

დავით ბაგრატიონის ადვოკატი კი აცხადებს, რომ ანა ქმარს არ უცემია, ისინი ერთად 2013 წლიდან აღარ ცხოვრობენ და ყოფილ ცოლთან სამოქალაქო დავაში მყოფ დიდგვაროვანსაც აინტერესებს, ვინ სცემა ანას.

სამეფო ოჯახები ბოლო ერთი თვეა, ერთმანეთთან სამოქალაქო დავაში იმყოფებიან. განქორწინების შემდეგ ანა ბაგრატიონი თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების გაყოფას და დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვის სამეფო სახლის სახელით სარგებლობის აკრძალვას ითხოვს.