აქტუალური
სააკაშვილმა განმარტა, რატომ ღეჭავდა ჰალსტუხს

 საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა „გორდონთან“ ინტერვიუში განმარტა, რატომ ღეჭავდა ჰალსტუხს სატელევიზიო ეთერში 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს.

„მე ხომ არ ვიცოდი, რომ პირდაპირ ეთერში ვარ. ხოლო როცა ადამიანი საკუთარ თავთან მარტოა, განსაკუთრებით - ასეთ ვითარებაში, როგორც თქვენ თქვით, ნებისმიერი რამ შეიძლება გააკეთოს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა აღიარა, რომ ჰალსტუხების ღეჭვის ჩვევა ჯერ კიდევ პიონერთა ბანაკ „არტეკიდან“ მოსდევს. „იქ უკვე არ ვიყავი ჰალსტუხის მიმართ გულგრილი. ამიტომაც ხომ ხედავთ - თითქმის არ ვატარებ“, - თქვა მან.

სააკაშვილმა დასძინა, რომ ამჟამად დიეტაზეა, და ხუმრობით შენიშნა, რომ წონა „ჰალსტუხებზე უარის თქმის“ წყალობით დაიკლო.