პოლიტიკა
საქინფორმი: გადატვირთვა საქართველოსთან - გადამეტტვირთვა რუსეთთან

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ამერიკულმა ტელეახმა FOX NEWS-მა გამოაქვეყნა ჰილარი კლინტონის 756-გვერდიანი მიმოწერის ნაწილი, რომელშიც ერთი ფრაგმენტი საქართველოს ეხება, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილს, რომელთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობდა კლინტონთან მისი შეხვედრის თაობაზე. როგორც აღმოჩნდა, მაშინ არჩევანი მილიარდერ ივანიშვილზე გაკეთდა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს დაჰპირდა, რომ რუსეთთან ურთიერთობას მოაწესრიგებდა და სთხოვა, აღარ დაეჭირათ მხარი სააკაშვილისთვის. გამოდის, რომ სწორედ ამიტომ მისი პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ არ შეიცავდა რუსეთის და მისი პრეზიდენტის კრიტიკის ელემენტებს. რამდენად შეესაბამება ეს ვერსია სინამდვილეს?

     საქინფორმი: დანამდვილებით ცნობილი არ არის, შედგა თუ არა ჰილარი კლინტონის არაოფიციალური შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, ალბათ, უფრო - არა. სამაგიეროდ, განხორციელდა ვაშინგტონის ჩანაფიქრი - შეეცვალათ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის „გადატვირთვის“ ახალ ამერიკულ პოლიტიკას ხელს უშლიდა და შეეძლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მორიგი კონფლიქტების პროვოცირება, რათა კვლავ ჩაეთრია აშშ რუსეთის წინააღმდეგ ომში („ამერიკისთვის ახალი კუბა მოეწყო“). სწორედ ამიტომ შეცვალეს ის ბიძინა ივანიშვილით და ამგვარად „გადატვირთეს“ ურთიერთობა საქართველოსთან.

ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წელს, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იყო, ანტირუსული რიტორიკა საერთოდ არ არსებობდა, სამაგიეროდ, 2016 წლის არჩევნების შემდეგ სახელისუფლებო პარტიამ ამ თვალსაზრისით სააკაშვილის ექსმმართველ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობასაც“ კი გადაასწრო!

რაც შეეხება „გადატვირთვას“ აშშ-სა და რფ-ს შორის, რომელსაც ხელს უშლიდა სააკაშვილი, მინდა შეგახსენოთ, რომ ღილაკზე, რომელიც კლინტონმა ლავროვთან შეხვედრაზე მიიტანა, „გადატვირთვის“ ნაცვლად ეწერა „გადამეტტვირთვა“. რუსეთ-ამერიკის დღევანდელი ურთიერთობის შემხედვარე, შეიძლება ითქვას, რომ ეს ტექნიკური შეცდომა წინასწარმეტყველური აღმოჩნდა...