საქართველოს დელეგაცია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთის გაწევრებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დასაწყებად 9 მარტს ბერნში გაემგზავრება, – ამის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მოვიდა ოფიციალური ინიციატივა მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.
„ჩვენ ყოველთვის მზადყოფნას ვაცხადებდით, ჩავრთულიყავით მოლაპარაკებებში, თუმცა დეტალებზე საუბარი მოლაპარაკებების დაწყებამდე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“, – აღნიშნა ვაშაკიძემ.მინისტრის მოადგილის თქმით, მოლაპარაკებებს ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრის აპარატი აწარმოებს. დელეგაციას თამარ კოვზირიძე ხელმძღვანელობს.
ამერიკის უშიშროების ეროვნული საბჭოს რუსეთის საკითხების დირექტორმა მაიკლ მაკფოლმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან სამი წლის შემდეგ ორმა ქვეყანამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრების განაცხადთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა აშშ-ს მთავრობა ამ დისკუსიაში არ მონაწილეობს.
როგორც ცნობილია, ვმო-ში რუსეთის გაწევრებას საქართველო აფერხებს. ოფიციალური თბილისი მოსკოვს პირობად როკისა და ფსოუს უკანონო საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაციას უყენებს.