პუბლიკაციები
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17,8 მილიარდი აშშ დოლარია

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 17,8 მლრდ აშშ დოლარი (47,5 მლრდ ლარი) შეადგინა (2018 წლის მშპ-ს 109,6 პროცენტი).

2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საგარეო ვალი 17,2 მილიარდი აშშ დოლარი (45,1 მლრდ ლარი) იყო.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი - 616,5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო სხვა ცვლილებების გამო 7,8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად 65,7 და 25,3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს.

მთლიანი საგარეო ვალიდან, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7,4 მლრდ აშშ დოლარი (19,9 მლრდ ლარი0, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალი 5,4 მლრდ აშშ დოლარია (14,4 მლრდ ლარი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 369,2 მლნ აშშ დოლარი (988,2 მლნ ლარი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 790,6 მლნ აშშ დოლარი (2,1 მლრდ ლარი, და 874,0 მლნ აშშ დოლარი (2,3 მლრდ ლარი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4,3 მლრდ აშშ დოლარი (11,4 მლრდ ლარი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 5,3 მლრდ აშშ დოლარი (14,3 მლრდ ლარი) და კომპანიათაშორისმა ვალმა – 2,4 მლრდ აშშ დოლარი (6,4 მლრდ ლარი). მთლიანი საგარეო ვალის 90.0 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.