საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ნიდერლანდების ქალაქ ლეუსდენში საბჭოთა სასაფლაოზე დაკრძალული ორი ქართველი ჯარისკაცის ნეშტი აღმოაჩინეს.
გარდაცვლილთა იდენტიფიცირება დნმ-ს ანალიზით გახდა შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ ჰოლანდიური მედია ფონდზე „ღირსების საბჭოთა ველი“ დაყრდნობით ავრცელებს.
ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ლეუსდენში დაკრძალული სამხედროები ანტონ ღვინიაშვილი და ფიდო ჭოლიაშვილი არიან.
„ახლა შესაძლებელია, მათი საფლავის ქვაზე წარწერა „უცნობი ჯარისკაცი“ მათი სახელებით შევცვალოთ“, – განაცხადა ფონდის მკვლევარმა და ჟურნალისტმა რემკო რეიდინგმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში.
როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, რემკო რეიდინგი წინა კვირას პირადად იმყოფებოდა საქართველოში, რათა ანტონ ღვინიაშვილისა და ფიდო ჭოლიაშვილის ოჯახებისთვის ეს ამბავი ეცნობებინა.
რეიდინგმა უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებისგან დნმ-ს ნიმუში 2016 წელს აიღო.
ორგანიზაციის ცნობით, საბჭოთა სასაფლაოზე 865 ჯარისკაცია დაკრძალული. აქვეა 15 ქართველი ჯარისკაცის საფლავი. მკვლევარმა დაადგინა, რომ ქართველთა ჯგუფი 1941 წელს ტყვედ ჩავარდა, 1943 წელს ნაცისტებმა ისინი ჰოლანდიაში გადაიყვანეს, 1945 წლის 20 აპრილს კი დახვრიტეს.
რეიდინგის ინიციატივით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასცა 15 საფლავიდან ნეშტის ექსჰუმაციის ნებართვა დნმ-ს ნიმუშის ასაღებად. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეიდინგი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში, რათა მოეძებნა ლეუსდენში დაკრძალული ჯარისკაცების შესაძლო შთამომავლები და მათგან დნმ-ს ნიმუში აეღო.