საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. დღეს ჩვენი ქვეყანა, „ნატო-საქართველოს სწავლება – 2019“-ის წარმატებით დასრულებით, კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის ძლიერ მისწრაფებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ. ამ მორიგი წარმატებული ნაბიჯით ჩვენ მკაფიოდ და თავდაჯერებულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანი უცვლელია და არის ნატოს წევრობა, –ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კრწანისის სასწავლო ცენტრში, „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მიზანია დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერება და გლობალური მშვიდობის მიღწევისთვის საერთაშორისო პარტნიორობაში აქტიური მონაწილეობის გაგრძელება.
„ნატო-საქართველოს წლევანდელ სწავლებაში საქართველო უკვე ხელმძღვანელი ქვეყანაა და ეს თავისთავად ძალიან ნიშანდობლივია. ეს სტატუსი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად განვავითარეთ ჩვენი შესაძლებლობები ამ რიგით მეორე სწავლებისთვის და რამდენად გაიზარდა სტრატეგიული პარტნიორების ნდობა და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. სწორედ ჩვენ თავდაუზოგავ მონდომებაზე პასუხია ასეთი აღიარება. მინდა, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც მან აღნიშნა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩატარებული წინა სწავლებისგან განსხვავებით, წელს სწავლებაში მონაწილე სახელმწიფოების რიცხვი 10-დან გაიზარდა და უკვე 24 ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყანაა ჩართული ამ მნიშვნელოვან ფორმატში.
„სწორედ ასეთი ნაბიჯებით მიიღწევა ჩვენი საერთო მიზანი – მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში.
მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩემი ბოლოდროინდელი საგარეო ვიზიტების დროს, ნატოს გენერალური მდივნისგან, სამხედრო ხელმძღვანელობისგან, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებისგან ვისმენდი საუკეთესო შეფასებებს ჩვენ მიერ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით და ეს ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარსარდლისთვის ძალიან საამაყო იყო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი შეფასებით, მასშტაბური წვრთნები, ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტი, სამხედრო კომიტეტის ჩამოსვლა, წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა – ეს ყველაფერი საქართველოს მიმართ ალიანსის ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებაა.
„ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ სამხედრო და პოლიტიკურ რეფორმებს. ზედმიწევნით ვპასუხობთ ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი ქვეყანა ნატოს სტანდარტებთან შესაბამისად, მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს თავდაცვაზე, თავდაცვის ბიუჯეტის 20 პროცენტს კი შეიარაღებაზე ხარჯავს. ჩვენ ამით არ შემოვიფარგლებით. ვაფართოებთ თანამშრომლობის სპექტრს და ეს ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებასა და კიბერუსაფრთხოების საკითხებს. ეს პრობლემატიკა ჩვენი საერთო საზრუნავია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ თანამშრომლობა სულ უფრო გაძლიერდეს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველო არის საუკეთესო პარტნიორი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, თავდაუზოგავად იბრძვის, რომ დაცული იყოს გლობალური მშვიდობა და საერთაშორისო უსაფრთხოება.
პრეზიდენტმა ამ კონტექსტში მისი ავღანეთში ვიზიტი აღნიშნა და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი.
„ავღანეთში მე შევხვდი სამშვიდობო მისიის მონაწილე ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს. მათი პროფესიონალიზმი და თავდადება სამაგალითოა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყოველთვის აღნიშნავენ, თუ რამხელა წვლილი მიუძღვის საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სწავლებაზე სიტყვით გამოსვლისას.