ინტერნეტგვერდ „youtube“-ზე ახალი ვიდეო გამოჩნდა სახელწოდებით „მიშას ქება“. ვიდეოზე ჩანს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე, რომელსაც ხელში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერი „ხუთიანი“ უჭირავს. კობახიძე ამბობს ფრაზებს: „ჩვენს პრობლემებს შინ და გარეთ მე და მიშა მოვაგვარებთ!“ და „საქართველოს დასაცავად მე და მიშა ერთად წავალთ!“
როგორც გაირკვა, ვიდეო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ არის გადაღებული, თუმცა მაია კობახიძისთვის უცნობია, ვინ ატვირთა youtube-ზე ვიდეო 3 წლის შემდეგ. „ხუთიანები და ის, რასაც თქვენ მეუბნებით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. იმ პერიოდში 32-ე საჯარო სკოლაში ვმუშაობდი და მათემატიკას ვასწავლიდი. ეს ლექსები თვითონ 5 ნომერს ეწერა უკანა მხარეს – წინასაარჩევნოდ ეს 5 ნომრები კორპუსის ბინების სახელურებზე იკიდებოდა და მათ ეწერა უკანა მხარეს ასეთი მცირე ზომის ლექსები“, – განაცხადა ინტერპრესნიუსთან მაია კობახიძემ.კითხვაზე, თუ რატომ იმეორებდა მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო სლოგანს იმ დროს საჯარო სკოლის პედაგოგი, კობახიძემ უპასუხა: „ისეთ რაღაცებს მეკითხებით... იმიტომ ვიმეორებ, რომ ხელში მეჭირა ის ხუთი ნომრები და თან ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები იყო ის, რაც მათ უკან ეწერა. სხვა არაფერი. გასაოცარი ის არის, ვის დასჭირდა ამ ვიდეოს ახლა გამოქვეყნება და რა მიზანი ამოძრავებდა. იმ პერიოდში კამერების წინ არ ვმდგარვარ, მაშინ სკოლაში ვმუშაობდი და დაფასთან ვიდექი“, – განაცხადა მაია კობახიძემ.