აქტუალური
საქართველოს სუს-ი: რუსული სამხედრო ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებს ფარული ოპერაციებისთვის იყენებდნენ

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. 2018 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ თავშია ნათქვამი.

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა ერთ-ერთია საქართველოს უსაფრთხოების წინაშე მდგარ ძირითად გამოწვევებს შორის.

სუს-ის ინფორმაციით, სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაწესებული იყო მუდმივი მონიტორინგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დამრღვევ პირთა გამოვლენისა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. აღნიშნული მიმართულებებით გამოძიება სისხლის სამართლის ცხრა საქმეზე დაიწყო.

ასევე, სუს-ის ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალების მხრიდან განხორციელებული სხვა არაკანონიერი ქმედებების გარდა, ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობებს.

აღნიშნული რეგიონებიდან მომდინარეობდა პროვოკაციული და დესტრუქციული ხასიათის ქმედებების ინსპირირებისა და დესტაბილიზაციის კერების შექმნის საფრთხე“, – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასული წლის ანგარიშში.