უცხოეთი
„დანამდვილებით ვიცი, რომ პრეზიდენტ ტრამპს რუსეთის შესაკავებლად უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს“

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ის პროგრამაში Fox & Friends აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასა და საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს შორის პარალელებზე ისაუბრა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, 2012 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში „რუსები ზუსტად იმავეს აკეთებდნენ, რაც მიულერის გამოძიებამ დაადგინა აშშ-ის შემთხვევაში: ისინი აწარმოებდნენ მასობრივი დეზინფორმაციის კამპანიას, სოციალური მედიის კამპანიას, მასობრივად ახორციელებდნენ ჰაკერულ თავდასხმებს ჩვენს კომპიუტერებზე, სატელეფონო სისტემებზე - ყველაფერს, რის მოწმეც ვართ ახლა ამერიკაში“.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რა რეაქცია ჰქონდა აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს ბარაკ ობამასა და სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით თბილისიდან მიწოდებულ ინფორმაციაზე. სააკაშვილმა განაცხადა რომ ეს ინფორმაცია ვაშინგტონში არ დაიჯერეს.

„გვითხრეს, რომ პარანოია გვქონდა. პირიქით, წნეხი ჩვენზე იყო, რომ მეტი სივრცე მიგვეცა რუსი ოლიგარქისთვის [ბიძინა ივანიშვილისთვის]​. მოგვიანებით გაირკვა, რა იყო მიზეზი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი ვერსიით, გერმანიაში ამერიკის ყოფილმა ელჩმა ჯონ კორნბლუმმა, რომელიც „რუსეთის ოლიგარქმა რუსული ფულით დაიქირავა“, წერილი მისწერა ჰილარი კლინტონს და სააკაშვილის წინააღმდეგ განაწყო.

"(წერილში ეწერა) გთხოვთ, შეაჩეროთ სააკაშვილის მხარდაჭერა, რადგან ის საქართველოს გადააქცევს კავკასიის კუბად და შეუძლებელს გახდის ჩვენს აზრიან ურთიერთობას რუსეთთან. ეს ჰგავს გამონათქვამს - „ნუ აწყენინებირანს ისრაელის მხარდაჭერის გზით [...] ეს იგივე ხალხია, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს აკრიტიკებდა. დანამდვილებით ვიცი, რომ პრეზიდენტ ტრამპს უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს რუსეთის შესაკავებლად“,– დასძინა სააკაშვილმა.

accentnews.ge