საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე კახა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში ღია წერილს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. წერილის დახმარებით ის ივანიშვილთან შეხვედრასაც ითხოვს:
„ჩემი ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს:
ბატონო ბიძინა, ქართული სასამართლო სისტემა კოლაფსის წინაშე იმყოფება. ალბათ მოგეხსენებათ რომ სასამართლო სისტემა არ არის შენობები, დარბაზები და კომპიუტერები და სხვა აღჭურვილობა. სასამართლო სისტემა არის იქ არსებული ადამიანები, მათი ღირებულებები, მათი ქცევები და სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობა.
რატომ უნდა ენდოს ხალხი მოსამართლეებს, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი აქვთ მილიონი ცუდი საქმე, მაშინ, როდესაც ამ მილიონი ცუდი საქმის ორგანიზატორი დღესაც მართავს სასამართლო სისტემას და მისთვის არა თუ საყვედური არავის უთქვამს, პირიქით, ცოტა ხნის წინ ის ოფიციალურად იყო წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე.
რატომ უნდა ენდოს ხალხი სასამართლოს როცა გირგვლიანის საქმის მოსამართლე თავს მოსამართლეების ლიდერად ასაღებს და მათი სახელით საუბრობს; და რატომ უნდა ენდოს ხალხი სასამართლოს, როცა მეამბოხე მოსამართლედ წოდებულმა ნინო გვენეტაძემ ჯერ შეწყვიტა სასამართლოში მმართველ ჯგუფთან დაპირისპირება და შემდეგ ჩუმად გაქრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან.
მოსამართლეთა კორპუსის ღირებულებითი სისტემა დეგრადირებულია. აბა წარმოიდგინეთ რა მოუვა საქართველოს და ქართველი ხალხის ღირებულებებს და საქართველოს დამოუკიდებლობას, შაჰ აბასის ძეგლი რომ დავდგათ სააკაძის მოედანზე.
ქართულმა ოცნებამ წინა ხელისუფლებისგან გადმოიბარა უკვე დეგრადირებული სისტემა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო სასამართლოს გაჯანსაღება, მის სათავეში მოექცა იგივე ჯგუფი, რომელიც ორგანიზებას უწევდა მილიონ ცუდ საქმეს. როგორ გინდათ საზოგადოება დაარწმუნოთ იმაში, რომ ისინი დღეს მილიონი კარგი საქმის ორგანიზებით არიან დაკავებული.
მე გთავაზობთ გამოსავალს, შეიქმნას ფართო ჯგუფი ხელისუფლების და საზოგადოების მონაწილეობით, რომელიც შეისწავლის სასამართლოში არსებულ ვითარებას და იმსჯელებს გამოსავლის გზებზე.
ასევე გთავაზობთ შეხვედრას, გნებავთ ღია, გნებავთ დახურულ ფორმატში ჩემი მეგობრების - ყოფილი მოსამართლეების და ადვოკატების ჯგუფთან ერთად, რათა უფრო დეტალურად აგიხსნათ სასამართლოში არსებული ვითარება და ის საფრთხე, რის წინაშეც სასამართლო იმყოფება“, - წერს წიქარიშვილი.