საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, წელს საქართველოს 20 წელი უსრულდება, რაც ევროსაბჭოს სრულფასოვანი წევრია.
„ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თარიღია. ამას ემთხვევა ისიც, რომ წელს საქართველოს ევროსაბჭოს პრეზიდენტობა უწევს. ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რადგან ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყანა ჰყავს და თითოეული მათგანი ევროსაბჭოს რიგითობით თავმჯდომარეობს. საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდი ნოემბრიდან დაიწყება. ეს ისეთი შესაძლებლობაა, რისი უფლებაც ჩვენს ქვეყანას ათწლეულებში ერთხელ ეძლევა. კიდევ უფრო აქტიური წელი გველოდება, რადგან ქვეყანას შანსი აქვს, ამხელა საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი იყოს. ჩვენი სურვილია, ეს შესაძლებლობა ქვეყნის ინტერესებისთვის გამოვიყენოთ“, – ამბობს ჩუგოშვილი.
კანონმდებლის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში ქართული მხარე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიმართულებით მუშაობას გააძლიერებს.
„ჩვენს შემთხვევაში ნომერ პირველი პრობლემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა და ტერიტორიული მთლიანობაა. ჩვენი პრიორიტეტი მხოლოდ ნეგატიური თემები არ იქნება, გვინდა, ევროპას ის მიღწევები და რეფორმები კიდევ უკეთესად გავაცნოთ, რაც ქვეყანას აქვს. ეს გვჭირდება არა იმიტომ, რომ თავი მოვიწონოთ, არამედ ქვეყანას მხარდაჭერა და ამ ქვეყნების მხრიდან დახმარება ჰქონდეს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
დეპუტატის ცნობით, ქვეყანას ესტუმრებიან ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის მინისტრები, მათი მოადგილეები, პარლამენტის წევრები, ასევე ევროსაბჭოს ლიდერები. ამასთან, ჩუგოშვილის ინფორმაციით, აპრილში საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უმასპინძლოს.
„ასამბლეის პრეზიდენტს პლენარული სხდომის ფორმატში მოვუსმენთ, როგორც განსაკუთრებულ, მაღალი რანგის სტუმარს“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილის ინფორმაციით, 10 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტრასბურგს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ეწვევა, სადაც ორმხრივი მაღალი რანგის შეხვედრების გარდა, დებატები გაიმართება.