აქტუალური
2016 წელს ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო სიაში ეკა ბესელიას ჩასმა არ უნდოდა - სოფო კილაძე

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ადასტურებს, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო სიაში ეკა ბესელიას ჩასმა არ უნდოდა.

მეც მაქვს ინფორმაცია და ვადასტურებ, რომ ეს სინამდვილეს შეესაბამება. გიდასტურებთ, იყო ამაზე საუბარი, რომ 2016 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილი აძლევდა რეკომენდაციას კონკრეტულ პირებს, მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომ ეკა ბესელია არ ყოფილიყო სიაში“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ჟურნალისტების დამატებით შეკითხვაზე სოფო კილაძემ არ დააკონკრეტა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგობის მიუხედავად, გიორგი კვირიკაშვილის პირადი გადაწყვეტილებით მოხდა თუ არა ეკა ბესელიას სიაში ჩასმა.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სატელეფონო გზავნილში, რომელიც შემთხვევით ეკა ბესელიამ მიიღო, ეწერა, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი პარტიის ხელმძღვანელს ურჩევდა, ეკა ბესელია სიაში საერთოდ არ მოხვედრილიყო. მამუკა მდინარაძის თქმით, მოკლე ტექსტური შეტყობინება ინფორმაციული ხასიათის იყო. მანამდე დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძემ მისი სალანძღავი ტექსტი შემთხვევით მასვე გაუგზავნა.