აქტუალური
დამატება კანონში და მომხმარებელთა უფლებები

savaluto„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონში დამატება შედის, რომლის თანახმად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში მომხმარებელს უფლება ენიჭება, პუნქტისგან ოპერაციის გაუქმება და გაცვლილი ვალუტის დაბრუნება მოითხოვოს. პუნქტს ვალდებულება ეკისრება, მომხმარებელს სრული ინფორმაცია მიაწოდოს ვალუტის გაცვლის კურსისა და მომსახურების საკომისიოს ოდენობის შესახებ. პროექტის მიხედვით, პუნქტი ვალდებულია, მომხმარებლის უფლებების შესახებ ინფორმაცია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს. კანონში აღნიშნული დამატების შეტანა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც რამდენიმე სავალუტო ჯიხურში მომხმარებლებს თანხის დახურდავებისას საკომისიოს გადახდამ მოუწიათ, რამაც მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, თანხის გადახურდავებისას საკომისიო გადასახადი ბანკებმაც შემოიღონ. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ ბანკების ასოციაციაში. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვალუტის გადაცვლისას ბანკებს ისედაც მაღალი მარჟა აქვთ. მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ გამორიცხული არაფერია, რადგან საკომისიოების დაწესების აღსაკვეთი ბერკეტი დღეს არ არსებობს. ექსპერტების აზრით კი, თუკი ყველა სავალუტო ჯიხური საკომისიოს დააწესებს და მათ ბანკებიც მხარს აუბამენ, არ არის გამორიცხული, ადრინდელის მსგავსად, ამ ბიზნესმა შავ ბაზარზე გადაინაცვლოს.