პოლიტიკა
სოხუმის განცხადება სტოლტენბერგის განცხადების პასუხად და სესიაშვილის უცნაური რეაქცია სოხუმის განცხადებაზე - საქინფორმი

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა. საქმე ეხება იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომელშიც მან რუსეთს მოუწოდა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უკან წაიღონ.

როგორც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი რიტუალური განცხადებები და პოლიტიზებული ქართული რეზოლუციების მხარდაჭერა, ისევე როგორც ნატოსთან სამხედრო პოლიტიკური თანამშრომლობის წაქეზება, საქართველოს მმართველებს გადაჭარბებულ იმედებს უჩენს, ასევე ასაზრდოებს მილიტარისტულ განწყობებს და ძირს უთხრის ამიერკავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ძალისხმევას.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ თბილისი ფსონს დებს ნატოს სამხედრო სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, რაც სულ უფრო საეჭვოს ხდის საქართველოს მიერ დეკლარირებულმშვიდობიანპოლიტიკას და საქართველოს ოფიციალური პირების არც ერთი მეგობრული განცხადება ვერ დამალავს იმ ფაქტს, რომ საქართველო დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით სამხედრო პოტენციალს ზრდის.

დარწმუნებულები ვართ, საქართველოსა და ნატოს აქტიური თანამშრომლობის პროცესი ჟენევის დისკუსიებზე, საერთაშორისო შუამავლებისა და კონსულტაციების მონაწილეთა განხილვის სერიოზული საგანი უნდა იყოს. აუცილებელია, ცხადად გავიგოთ, რომ თბილისის შესაძლო მცდელობები, ძირი გამოუთხაროს ამიერკავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ძალისხმევას, ხისტად იქნება აღკვეთილი, – აღნიშნულია საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მაქვს განცდა და მოლოდინი, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები კარგად ხვდებიან, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლების და ხალხის ნატოსკენ სწრაფვა ჩვენს საერთო ინტერესებში შედის, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საქართველოს მილიტარისტულ განწყობებთან დაკავშირებით სეპარატისტული რეჟიმის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს.

სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა, ვუთხრა, რომ ნატო და ევროკავშირი ეს ის ჩვენი საერთო ოჯახია, სადაც ჩვენ მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ერთად თანაცხოვრება გვექნება.

ამიტომ, პირველ რიგში, მაქვს განცდა და მოლოდინი, რომ იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები კარგად ხვდებიან, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ნატო-სკენ სწრაფვა საერთო ინტერესებში შედის,” – განაცხადა სესიაშვილმა.

საქინფორმს უძნელდება ირაკლი სესიაშვილის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ არ ვიცით - რით არის გამოწვეული მისი „მოლოდინები და განცდა“, რომ აფხაზებს ესმით საქართველოს ხელისუფლების სწრაფვა ნატოში გაწევრიანებისკენ და ამას „ჩვენს საერთო ინტერესებად“ მიიჩნევენ.

საქინფორმი იმედოვნებს, რომ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადების საფუძველი აფხაზეთიდან მიღებული ინფორმაცია გახდა, სხვა შემთხვევაში მსგავსი ინტერპრეტაცია, სულ ცოტა, უპასუხისმგებლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პიარზე გათვლილად უნდა ჩაითვალოს.