პოლიტიკა
ჟენევის მოლაპარაკებების მე-15 რაუნდი: ცვლილებების გარეშე

jenevaXXჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა მე-15 რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ რუსეთი კვლავ უარს ამბობს არსებით განხილვაში ჩართვასა და ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე.

„სამწუხაროდ, არცერთ საკითხზე პოზიციის ფუნდამენტური ცვლილება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ რაუნდზე არ შეინიშნა“, – განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს, – „ანუ ისინი არ აპირებენ, მათი განცხადებით, საქართველოსთან ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებას“.

თბილისი დაჟინებით მოითხოვს რუსეთისგან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებას. რუსეთი კი აცხადებს, რომ არ აპირებს ამგვარი ვალდებულების აღებას, ვინაიდან მას არ მიაჩნია საკუთარი თავი კონფლიქტის მხარედ და, სანაცვლოდ, მოუწოდებს თბილისს, ცხინვალსა და სოხუმთან „ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებებს“ მოაწეროს ხელი.

„ასევე, არ არის კონკრეტული პროგრესი უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კაპანაძემ. – ისინი ამ ეტაპზე ეწინააღმდეგებიან სერიოზულ საერთაშორისო ყოფნას ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გარკვეული პროგრესი უსაფრთხოების მექანიზმებთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს მომდევნო რაუნდებზე“.

კაპანაძე იმედოვნებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე შესაძლოა, მიღწეულ იქნეს გარკვეული პროგრესი „გადაადგილების შეზღუდვის მოხსნაზე საოკუპაციო ხაზზე“.

ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც თბილისის, მოსკოვის, ვაშინგტონის, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენელთა მონაწილეობით იმართება, ჟენევაში 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში დაიწყო.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა და მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე პიერ მორელმა განაცხადა, რომ მონაწილეთა შორის ფუნდამენტური უთანხმოებების მიუხედავად, ყველა მათგანმა გამოთქვა სურვილი ჟენევის დისკუსიების გაგრძელებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სამუშაო მეთოდები დაიხვეწა და უფრო კონსტრუქციული და ქმედითი გახდა.

მორელმა, ასევე, აღნიშნა, რომ პირადად და დანარჩენი ორი თანათავმჯდომარე ეუთოდან და გაეროდან განწყობილი არიან, პროგრესს მიაღწიონ ძალის გამოუყენებლობის საკითხზე, რომელიც, მისი თქმით, დისკუსიების მთავარ თემას წარმოადგენს.

ჟენევის დისკუსიები ორ სამუშაო ჯგუფში იმართება, რომელთაგანაც ერთი განიხილავს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მეორე – ჰუმანიტარულ საკითხებს.

ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის – ლიტვის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიედრიუს ჩეკუოლისმა მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ დასრულდა მზადება რამდენიმე პროექტის განსახორციელებლად, რომლებიც აგვისტოს ომით დაზარალებული რაიონების მოსახლეობისთვის სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდებას ითვალისწინებს.

თუმცა პროგრესი ვერ იქნა მიღწეული გაზის მიწოდების საკითხში, – განაცხადა ჩეკუოლისმა, რომელიც თანათავმჯდომარეებს იანვარში შეუერთდა მას შემდეგ, რაც მისმა ქვეყანამ ყაზახეთისგან ეუთოს თავმჯდომარეობა გადაიბარა. საქართველომ ახალგორის რაიონს გაზის მიწოდება იმ მოტივით შეუწყვიტა, რომ არ სურს იქ დისლოცირებული რუსი სამხედროების მომარაგება.

მოლაპარაკებების მომდევნო, მე-16 რაუნდი, ჟენევაში 7 ივნისს გაიმართება.