პოლიტიკა
ის, რასაც თბილისში „პრორუსულ ანტიდასავლურ პროპაგანდას“ უწოდებდნენ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა - საქინფორმი

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. დიდი ხანია, საიდუმლო აღარ არის ის ფაქტი, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროიდან მოყოლებული დღემდე საქართველოში ხელისუფლება არც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას აშშ-ის საელჩოს ვიზის გარეშე არ იღებს. საქართველოში აშშ-ის ელჩის ინსტრუქციებს, რომლებიც აშშ-ის საელჩოს განცხადებებში ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზეა გამოთქმული, აგრეთვე საიდუმლო რეკომენდაციებს საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოსთვის კანონის ძალა აქვს. თუმცა ქართულ მასმედიაში ყველა განცხადებას ამის თაობაზე თბილისში მაშინვე „პრორუსულის“ და, მაშასადამე, „ანტიდასავლური პროპაგანდის“ და „რუსეთის რბილი ძალის“ დაღს ასვამდნენ. და უცებ, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით გაისმა სრულიად არაპრორუსული უკრაინის თვით გენერალური პროკურორის განცხადება, რომ აშშ-ის ელჩი უკრაინაში მსგავს ბრძანებებს მას, იური ლუცენკოსაც აძლევდა!

მაშ ასე, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განუცხადა, რომ მზად არის, გადადგეს მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელმძღვანელობამ კიევში აშშ-ის ელჩის მხარე დაიჭირა, აცნობა შაბათს უკრაინულ ინტერნეტ-გამოცემა „Страна.ua“-ს წყარომ გენერალური პროკურორის ახლო გარემოცვიდან. ადრე Hill-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ლუცენკომ განაცხადა, რომ კიევში აშშ-ის ელჩმა მარი იოვანოვიჩმა მას გადასცა „ხელუხლებელთა“ სია, რომლებსაც უკრაინული მართლმსაჯულება არ უნდა სდევნიდეს. მან, აგრეთვე, ვერ მიიღო 4 მილიონი დოლარი, რომლებიც, როგორც ვარაუდობდნენ, აშშ-ის საელჩოს მისი უწყებისთვის უნდა გადაერიცხა. აშშ-ის საელჩომ, ბუნებრივია, უარყო მისი სიტყვები, ხოლო პოროშენკომ მარი იოვანოვიჩის მხარდაჭერის შესახებ განაცხადა, ასევე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მაღალ შეფასებას აძლევენ აშშ-ის ელჩის როლს ორი ქვეყნის პარტნიორობის განვითარების საქმეში.

გამოცემის წყარო იმასაც იუწყება, რომ „ლუცენკო არასდროს მისცემდა ასეთ ინტერვიუს პოროშენკოს რეკომენდაციის გარეშე, ისინი ამგვარად ცდილობდნენ, თავი მოეწონებინათ ტრამპისთვის და ისთებლიშმენტის რესპუბლიკური ნაწილისთვის და არჩევნებზე მათი მხარდაჭერა მოეპოვებინათ, მაგრამ, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინეს, რომ ამერიკის ელჩზე შეტევა ნებისმიერ შემთხვევაში აღქმული იქნება, როგორც შეტევა ამერიკაზე“. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს ეს აგრძნობინეს ვაშინგტონში და მან, ფაქტობრივად, ლუცენკოს „შეაწმინდა ხელი“. „ამან ლუცენკო აღაშფოთა და მან უკვე აცნობა პრეზიდენტს, რომ ასეთ შემთხვევაში მზად არის, საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებამდე გადადგეს. მაგრამ ჯერჯერობით გაუგებარია, რამდენად სერიოზულია გენერალური პროკურორის განზახვა, თუ ეს მხოლოდ ემოციებია“, - დაასკვნა გამოცემის წყარომ გენერალური პროკურორის გარემოცვიდან.