საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. გვსურს, გაძლიერდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები, განსაკუთრებით არჩევნების კუთხით, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ნატოს სურს, იხილოს კიდევ უფრო მეტი წინსვლა რეფორმების ფარგლებში.
„რაც შეეხება არჩევნების საკითხს. გავეცანი ეუთო-ს ანგარიშს. იქ აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ რეფორმები უნდა იყოს განგრძობითი. რეფორმები უნდა იყოს უწყვეტი, იმისთვის, რომ უმაღლესი სტანდარტი დაკმაყოფილდეს ქვეყანაში. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, კარგია საქართველოსთვის, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხითაც კარგია.
გვსურს, ვიხილოთ კიდევ უფრო მეტი წინსვლა ამ რეფორმების ფარგლებში და გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები, განსაკუთრებით, არჩევნების კუთხით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.