საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. საქართველო არის ნატოს ძალიან ღირებული და ძვირფასი მეგობარი, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველო ნატოს უნიკალური პარტნიორია და მისასალმებელია პროგრესი, რომელსაც ის ახორციელებს რეფორმების კუთხით.
„ქალბატონო პრეზიდენტო, ნამდვილად ძალიან კარგია, რომ დავბრუნდი და კვლავ შეგხვდით ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ. ახლა ვართ თბილისში, რაც უჩვენებს, თუ რაოდენ ძლიერია და მაღალ დონეზეა ასული ჩვენი საპარტნიორო ქმედებები საქართველოსა და ნატოს შორის. საქართველო არის ძალიან ღირებული და ძვირფასი მეგობარი ნატოსი. მოვინახულებ საწვრთნელ ცენტრს, სადაც უნდა ჩატარდეს ჩვენი მოკავშირეების, ჩვენი პარტნიორების წვრთნები და ნატო მუდმივად იქნება თანამშრომლობაში თქვენს გვერდით და მადლობლები ვართ, რადგან საქართველო იღებს მნიშვნელოვან მონაწილეობას უსაფრთხოების შენარჩუნების კუთხით, ჩვენი ერთობლივი მუშაობით ვაძლიერებთ ნატოს უსაფრთხოებას, ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებასა და ეს ყოველივე შედის როგორც საქართველოს, ისე ნატოს ინტერესებში. საქართველო ნატოს უნიკალური პარტნიორი გახლავთ და მივესალმებით პროგრესს, რომელსაც თქვენ ახორციელებთ რეფორმების კუთხით, საქართველო ახორციელებს ამ ნაბიჯებს და ნატო კვლავ და კვლავ იმეორებს, რომ საქართველოსთვის კარი მუდამ ღიაა ჩვენი მოკავშირეობისთვის, წევრობისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ბუქარესტში გაცხადდა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და გასული წლის ივლისშიც ნატოს სამიტზე ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.
„საქართველო მიდის წევრობისკენ, ჩვენ ასევე ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის სუვერენიტეტს, ვეწინააღმდეგებით სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების დამოუკიდებლობას, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო სამართლით დადგენილ ფარგლებში. ჩემთვის ყოველთვის დიდი სიამოვნებაა თბილისში ყოფნა, საქართველო ულამაზესი ქვეყანაა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.