საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველო ნატოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ კვლავ თბილისში ვიმყოფები, საქართველოში, კიდევ ერთხელ მომეცა ეს შესაძლებლობა. ამჯერად ჩამოვედი თქვენი მოწვევით, სწავლების ფარგლებში მონაწილეობის მისაღებად. ეს არის ერთობლივი სწავლება, რომელიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, ეს ადასტურებს, რომ ჩვენი თანამშრომლობა არის ძლიერი. მეორედ ვიმყოფები ამ რანგში.
ეს იმის ნიშანია, რომ საქართველოს საჯარისო დანაყოფების მონაწილეობა ჩვენს მოკავშირე ქვეყნებთან ერთად არის მნიშვნელოვანი. ეს ერთობლივი სწავლება ტარდება შეფასებისა და წვრთნის ერთობლივი ცენტრის ეგიდით და მას საფუძველი ჩაეყარა 2015 წელს. ცენტრის გახსნა იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ერთობლივი პროგრამის განხორციელების ფარგლებში. მიგვაჩნია, რომ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ურთიერთობებში. 2015 წელს ამას ხაზი გაესვა“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველო ნატოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია.
„გასულ წელს ჩვენ ამას გავუსვით ხაზი – გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს იქნა მიღებული, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. თქვენ ხართ არაწევრი, თუმცა ძალიან დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში. თქვენ ახორციელებთ მტკიცე მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობას და ჩვენი რეაგირების ინიციატივებში აქტიურად მონაწილეობთ. ეს სწავლება ამ კვირის განმავლობაში ადასტურებს იმას, რომ ძლიერი თანამშრომლობა გვაქვს. საქართველომ დიდი წინსვლა განიცადა. მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების კვალობაზე გაძლიერდა პარლამენტის მიერ უსაფრთხოების ზედამხედველობის როლი, ასევე სასამართლო სისტემის მიმართულებით გაძლიერდა რეფორმების განხორციელება. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით ძალისხმევა კვლავ გაგრძელდება მომავალში და კიდევ უფრო ეფექტიანი დაცვის ინსტიტუციები იარსებებს ქვეყანაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, მისასალმებელია, რომ საქართველომ იკისრა ვალდებულება, ბიუჯეტიდან მშპ-ის 2% თავდაცვის მიზნებისთვის გამოიყოს.
„მივესალმები იმას, რომ ვალდებულებად იკისრეთ, მშპ-ის 2% გამოიყოს ბიუჯეტიდან თავდაცვის მიზნებისთვის. ამ თანხის 20 პროცენტი წავა აპარატურაზე და მოდერნიზაციაზე, ეს გააძლიერებს თქვენს სამხედრო ძალებს და რეგიონული უსაფრთხოების პროგრამაში მონაწილეობას. მოგიწოდებთ, გააგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ, რომ ალიანსში მკვეთრი როლი იქონიოთ და საბოლოო ჯამში, გახდეთ ჩვენი წევრი“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგი მოუწოდებს რუსეთს, გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების განცხადება.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთს მოვუწოდებთ, რომ გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თავის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები. ჩვენ მივესალმებით შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებულ როლს, ამიტომაც, ვაძლიერებთ ურთიერთობებს საქართველოსა და ნატოს შორის და ეს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გაძლიერდება. სამხედრო ძალები საზღვაო აკვატორიაში – ჩვენ ვნახავთ დღეიდან რა შეიძლება გაკეთდეს ამ მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში. ჩემი ამ პოზიციაზე ყოფნის პერიოდში აქტიურდება საზღვაო აკვატორიაში მოქმედი სამხედრო დანაყოფები.
მადლობა მასპინძლობისთვის. ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. საქართველო არის ყველაზე მსხვილი მონაწილე ჩვენს ინიციატივებში, სამხედროების რაოდენობრივი და რიცხვობრივი თვალსაზრისით და იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.