უცხოეთი
რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ განხილვისას ავსტრალიის, დანიის, ჩეხეთისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებმა მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“ ადასტურებს ადამიანის უფლებათა მექანიზმების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუფერხებელი შესვლის საჭიროებას, – ამის შესახებ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე რეზოლუციის განხილვისას გაერო-ს ჟენევის ოფისში ავსტრალიის ელჩმა, სალი მენსფილდმა განაცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ავსტრალიის, დანიის, ჩეხეთისა და გაერთიანებული სამეფოს დელეგაციებმა.

„ავსტრალია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძლიერი და მუდმივი მხარდამჭერია. ჩვენ შეშფოთებულები ვრჩებით იმ ფაქტით, რომ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს კვლავ არ აქვს შესაძლებლობა, შევიდეს საქართველოს ამ რეგიონებში. ეს რეზოლუცია ადასტურებს ადამიანის უფლებათა მექანიზმების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუფერხებელი შესვლის საჭიროებას. გალის რეგიონში მომხდარმა ბოლო ტრაგიკულმა ინციდენტმა დაგვანახა, თუ რა მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ჰქონდეს საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების მიერ უზრუნველყოფილ გამჭვირვალობას. ადამიანის უფლებათა კუთხით შემდგომ საერთაშორისო ჩართულობას და ანგარიშვალდებულებას შეუძლია, ხელი შეუწყოს სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილებას“, – განაცხადა სალი მენსფილდიმ.

ამასთან, როგორც გაერო-ს ჟენევის ოფისში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა, ჯულიან ბრეისვეითმა აღნიშნა, ძალზედ შემაშფოთებელი მოხსენებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი დარღვევების შესახებ, ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა სიტუაციის გამოსწორებისთვის დამოუკიდებელი მონიტორინგისა და ანგარიშგების საჭიროებას ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან, როგორიცაა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი.

„ამის საჭიროებაზე მეტყველებს ასევე ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში სიკვდილი“, – განაცხადა გაერო-ს ჟენევის ოფისში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა.

გარდა ამისა, მხარდაჭერა გამოხატა გაერო-ს ჟენევის ოფისში დანიის სამეფოს წარმომადგენელმა. როგორც მორტენ იესპერსენმა აღნიშნა, დანია მიესალმება საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ასევე, როგორც გაერო-ს ჟენევის ოფისში ჩეხეთის წარმომადგენელმა, იან კარამ განაცხადა, თავის ბოლო მოხსენებაში უმაღლესმა კომისარმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი ოფისის წარმომადგენელთა შესვლის პრობლემას.

„მისი მოხსენება ასევე აღნიშნავს ამ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებას. ჩვენ ამ რეზოლუციას სწორედ ადგილზე სიტუაციის გაუარესების პრევენციულ მექანიზმად განვიხილავთ“, – განაცხადა მან.

22 მარტს ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღიარებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. რეზოლუციაში საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული, ყოველმხრივ მძიმე ვითარების გამო და ხაზს უსვამს ტერიტორიებზე მონიტორინგის მექანიზმების შესვლის აუცილებლობას. საბჭო ავალებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, წარმოადგინოს ანგარიშები რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით.

1tv.ge