საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. ა.წ. 21 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი როს უილსონი და მისი მეუღლე ქალბატონი მარგო სქუაერი მიიღო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ, ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.
ბატონმა როს უილსონმა აღნიშნა, რომ დიდია მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოსა და ქართველი ხალხის ცხოვრებაში. მან მტკიცე პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აშშ აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას.
შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ ბატონ როს უილსონს და მის მეუღლეს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.