საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილის განცხადება უკრაინაში ჩამოსვლის შესახებ 300-დოლარიანი პიარია, ის თვითმფრინავშიც კი ვერ ავა! - არსენ ავაკოვი

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას კიევში ჩასვლასთან დაკავშირებით უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა 300-დოლარიანი პიარი უწოდა.

არსენ ავაკოვმა უკრაინულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პირველ აპრილს უკრაინაში ვერ ჩავა.

პირველი აპრილის ამბავი 300-დოლარიანი პიარია. სააკაშვილი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა. მას არ შეუშვებენ, რადგან ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით აკრძალვა არსებობს, სასამართლოს აკრძალვა“, – განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ინტერვიუს დროს.

12 მარტს უკრაინულ მედიასთან ინტერვიუს დროს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პირველ აპრილს უკრაინაში ჩავა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიზეზად საპრეზიდენტო არჩევნები დაასახელა. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პეტრო პოროშენკო არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოიპოვებს და შედეგად ქვეყანაში მის შესვლას ხელს აღარავინ შეუშლის.