სამართალი
საქართველოს ციხეებში სასჯელს სხვა ქვეყნის პატიმრებიც მოიხდიან

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. საქართველოში სასჯელს სხვა ქვეყნის პატიმრებიც მოიხდიან, – ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა. მისი თქმით, დოკუმენტს ხელი ჰააგაში მოეწერა.

წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან თანამშრომლობას აგრძელებს.

მნიშვნელოვანია ის, რომ 2016 წელს ჩვენ ფატუ ბენსუდას ინიციატივით და თხოვნით დავიწყეთ მოლაპარაკებები: თუკი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს დასჭირდებოდა, რამდენიმე პატიმარი მიგვეღო და სასჯელი მათთვის აღგვესრულებინა საქართველოს საპატიმროებში. სამწლიანი მოლაპარაკებები დასრულდა წარმატებით და ჰააგაში ჩვენ ხელი მოვაწერეთ გადმოყვანის შესახებ მემორანდუმს, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ამ მემორანდუმით საქართველო ისეთი სახელმწიფოების რიგში ჩადგა, რომლებიც, ალბათ, ზოგიერთის თვალში „წარუმატებლები“ არიან. ესენია: ავსტრია, ბელგია, ფინეთი, ნორვეგია, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ჩრდილოეთ ირლანდია.