აქტუალური
საქართველომ საზღვაო სტრატეგიის შემუშავება დაიწყო

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, საზღვაო სტრატეგიის შემუშავებაზე იწყებს მუშაობას. სამინისტროს ცნობით, 27 მარტამდე საქართველოში ვიზიტით იმყოფება ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი.

უწყების ცნობით, ექსპერტები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად იმუშავებენ საქართველოს საზღვაო სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე და დაგვეხმარებიან მნიშვნელოვანი დირექტივების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.

საზღვაო ქვეყნის სამომავლო პერსპექტივისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საზღვაო სტრატეგიის დოკუმენტის არსებობა, რაც საქართველოს ამჟამად არ გააჩნია და მისი შემუშავება, თავის მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს“, – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

მისი ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განისაზღვრება სწორი მიმართულებები და შემუშავდება გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებასა და დარგის მდგრად განვითარებას.

პროექტის ფარგლებში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ერთობლივად იმუშავებენ შემდეგ დირექტივებზე:

ასოცირების შეთანხმების შესაბამისად საქართველოს საზღვაო სტრატეგიის შემუშავება;

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/45/EC დირექტივა სამგზავრო გემების უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების შესახებ;

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001/96/EC დირექტივა, რომლითაც ჩამოყალიბდა სატვირთო გემებზე ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ჰარმონიზებული მოთხოვნები და პროცედურები.