ზოგიერთი დაწვრილებითი ცნობა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან
საქართველო, რომლის ნარკოკონტროლის სისტემას "რეფორმები ესაჭიროება“, ნარკოტრანზიტის "მთავარი დერეფანი“ ხდება, - ნათქვამია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 3 მარტს გამოქვეყნდა და რის შესახებაც საქინფორმმა მოკლედ უკვე აცნობა თავის მკითხველებს.
ანგარიშში ”ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის სტრატეგიის შესახებ” ნათქვამია, რომ ნარკოტრანზიტის ერთ–ერთი მთავარი მარშრუტი ავღანეთიდან და ირანიდან მოდის აზერბაიჯანის გავლით ევროპისა და რუსეთისკენ; ნარკოტიკების ტრანზიტი ასევე ხორციელდება საქართველოს გავლით, საბერძნეთიდან და თურქეთიდან დასავლეთ ევროპისკენ.ანგარიშის თანახმად, საქართველოს გავლით ნარკოტიკების კონტრაბანდის ერთ–ერთ მთავარ საშუალებებად მიჩნეულია სატვირთო მანქანები. რომლებიც გრძელ, სატრანზიტო რეისებს სრულებენ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპული ქვეყნების სამართალდამცველებმა 2009 წლის განმავლობაში იმ სატვირთო მანქანებიდან, რომლებმაც ერთხელ მაინც გაიარეს საქართველოს ტერიტორია, ამოიღეს შვიდიდან რვა ტონამდე ნარკოტიკული ნივთიერება.
ანგარიშის თანახმად ევროპაზე გათვლილი ზოგიერთი მექანიზმი ხელს უშლის საქართველოში ნარკოტიკების ტრანზიტზე კონტროლს, მათ შორის ის წესი, რომლის მიხედვითაც მებაჟეებს სატრანზიტო სატვირთო მანქანების შემოწმება შეუძლია მხოლოდ ტვირთის მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით, რაც ზღუდავს სატვირთო მანქანების შემოწმების შესაძლებლობას.
"წესები და რეგულაციები, რომლებიც უსარგებლოდ ზღუდავს ტვირთის შემოწმების ლეგიტიმურ აუცილებლობას, უნდა გადაიხედოს და შეიცვალოს,“ – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ 2010 წლის ნოემბერში ირანთან დადებულმა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებამ შესაძლოა "საქართველოში უფრო მეტი ნარკოტიკის შემოდინება გამოიწვიოს“, თუ შესაფერისი კონტროლი არ განხორციელდება.
„ეს სავსებით სავარაუდოა, ვინაიდან ავღანური ნარკოტიკების, დაახლოებით, 40% ირანის გავლით გაედინება. ამ ნარკოტიკების კონტრაბანდა ახლა პრობლემას წარმოადგენს ირანის საზღვრის ყველა მიმართულებით სამხრეთისკენ, დასავლეთისკენ და ჩრდილოეთისკენ; ასე რომ, შეშფოთების საფუძველი არსებობს, რომ ირანსა და საქართველოს შორის გამარტივებული მიმოსვლა შესაძლებლობას მისცემს გადამზიდავებს „ახალი მარშრუტი“ მოსინჯონ,“ – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, გამოითქმის "ვარაუდები“, რომ ნარკოტიკები სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გავლითაც მიედინება, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ ამ ინფორმაციის დადასტურება შეუძლებელია, რადგანაც "რუსეთის საოკუპაციო ძალებს ან ამ ტერიტორიების დე ფაქტო მთავრობებს და საქართველოს მთავრობას შორის ნარკოტრანზიტზე ინფორმაციის გაცვლა ან მცირეა, ან საერთოდ არ ხდება“ (გაუგებარია - როგორ ხვდება ნარკოტიკები აფხაზეთის ანდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმ ტერიტორიის გვერდის ავლით, რომელიც სრულად კონტროლდება საქართველოს ხელისუფლების მიერ? მათი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ხოლო თუკი ეს ხდება - მაშასადამე, ამაში ოფიციალური თბილისი მონაწილეობს?! რუსეთის სასაზღვრო პოსტებამდე ნარკოტიკების ტვირთმა ხომ საქართველოს პოსტები უნდა გაიაროს - ნუთუ სწორედ ამას გულისხმობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი? ამის უცოდინარობა მათ არ შეუძლიათ, რადგან ამის გასაგებად საკმარისია რუკას დახედო. ასევე რუკაზე დახედვით ხვდები, რომ ნარკოტრანზიტი საქართველოდან, სოხუმსა და ცხინვალის გავლით, ევროპის ქვეყნებში ნაკლებ სავარაუდოა, სამაგიეროდ, შესაძლებელია რუსეთის ფედერაციაში - საინფორმაციო-სააგენტო საქინფორმი).
საქართველოს მთავრობამ ნარკოტიკების პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტად აქცია, თუმცა ამ საკითხზე მომუშავე სტრუქტურებს შორის "კოორდინაციის ნაკლებობა“ ამ მიზნის მიღწევას "ართულებს,“ ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, აშშ ცდილობს ხელი შეუწყოს ამ პრობლემის მოგვარებას, მათ შორის უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნის წახალისებით.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ნარკოკონტროლის მთლიან სისტემას "რეფორმები ესაჭიროება“. ამ თვალსაზრისით პირველ და გადაუდებელ პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული ანტინარკოტიკული ეროვნული სამოქმედო გეგმის არარსებობა, ნათქვამია ანგარიშში.
საქართველომ ანტინარკოტიკული ეროვნული სტრატეგია 2007 წელს მიიღო, თუმცა, ანგარიშის თანახმად, მას აკლია დეტალური სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს სტრატეგიის განხორციელება.
"ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საკითხებში ჩართულ ინსტიტუციებს შორის კოორდინაცია ასევე პრობლემას წარმოადგენს,“ – ნათქვამია ანგარიშში, "ნარკოტიკების პრევენციის სისტემური ღონისძიებები არასაკმარისია; მკურნალობის მეთოდები ისე მუშავდება, რომ მცირე ან არანაირი ყურადღება არ ეთმობა მკურნალობის შემდგომ სოციალურ რეაბილიტაციას. საშიში ნარკოტიკების შესახებ ინფორმაცია - არასაკმარისი, ხოლო სტატისტიკური მონაცემები ნარკოტიკების მოხმარების თაობაზე შეზღუდული და არასაიმედოა. მოქმედი კანონმდებლობა არ აკმაყოფილებს ნარკოტიკების შესახებ გაეროს კონვენციების მოთხოვნებს.“
შსს–ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი (სოდ) და მასთან არსებული ანტინარკოტიკული დანაყოფი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის მთავარ ორგანოს წარმოადგენს. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2010 წელს სოდ–ის ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა და მის ანტინარკოტიკულ დანაყოფში საკადრო ცვლილებები განხორციელდა "როგორც პრევენციული ღონისძიება ნარკოტიკებთან დაკავშირებული კორუფციის წინააღმდეგ“.
სოდ–ის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა 2010 წლის აპრილში კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად გადაიყვანეს, ხოლო კოდუას ადგილზე კრიმინალური პოლიციის უფროსი დევი ჭელიძე დაინიშნა.
"რაიმე სერიოზული ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ შსს–ს ახალი ანტინარკოტიკული დანაყოფი კორუფციულ საქმიანობაში ყოფილიყოს ჩართული, არ ყოფილა,“ – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიში მოკლედ განიხილავს შესაბამის კანონმდებლობასაც. მოქმედი კანონმდებლობა დიფერენცირებულად არ უდგება სხვადასხვა ნარკოტიკულ დანაშაულს და ცალკეული ნარკოტიკული ნივთიერების ძალიან მცირე ოდენობის შენახვაც კი იწვევს სისხლის სამართლებრივ დევნას ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით. ანგარიშში ნათქვამია, რომ ასეთმა მიდგომამ გააჩინა მოწოდებები, რათა არსებული კანონმდებლობა შეიცვალოს, თუმცა საქართველოს პარლამენტში 2008–2009 წლებში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა შეჩერებულია.