პუბლიკაციები
რუსული პროპაგანდის კვალი ეთნიკური უმცირესობების განწყობებში – MDF-ის კვლევა

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. რუსული მედიის მოხმარების მაჩვენებელი ეთნიკურ უმცირესობებში რიგი საკითხების მიმართ განწყობებზე პირდაპირ აისახება – ასეთია ერთ-ერთი დასკვნა კვლევისა, რომელიც მედიის განვითარების ფონდმა უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში რუსული პროპაგანდის გავლენასთან დაკავშირებით ჩაატარა.

ავტორები ამბობენ, რომ ზემოაღნიშნული დასტურდება როგორც რეალური, ისე ყალბი ინფორმაციის აღქმის დროს: ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში შექმნილი ფოკუს-ჯგუფების მონაწილეთა თითქმის 60%-ს სჯერა მითისა, რომ ლუგარის ლაბორატორია საქართველოში ეპიდემიებს ავრცელებს. ამდენივეს მიაჩნია, რომ რუსული ბაზარი ევროკავშირისაზე სტაბილურია.

თუმცა MDF-ის მიერ მოყვანილი ყველა მითის შემთხვევაში ასეთი მოცემულობა არ არის. მაგალითად, 68,8%-ს არ სჯერა, რომ ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვა თურქეთის მიერ აჭარის დაკავებას ნიშნავს.

NDI-ს ბოლო გამოკითხვით, რომელიც კვლევაშიც მოხვდა, ადამიანების უმეტესობა როგორც ქართულ, ისე უმცირესობათა დასახლებებში, ინფორმაციას ტელევიზიის მეშვეობით იღებს. MDF-ის მიერ უმცირესობათა წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ ფოკუს-ჯგუფებში კი ადამიანების 61,5%-მა ინფორმაციის მიღების წყაროდ რუსული “ოდნოკლასნიკი” დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა, 65%, აღნიშნულ ქსელს არ ენდობა.

NDI-ს იმავე გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა იმ 18%-ს შორის, რომელიც ამბობს, რომ უცხოენოვან არხებს უყურებს, ყველაზე დიდი – 34%-იანი წილი რუსეთის პირველ არხზე მოდის, რომელსაც რუსული „ერ-ტე-ერი“ და „როსია 1“ მოსდევენ.

“მედიის განვითარების ფონდმა” ფოკუს-ჯგუფები მარნეულში, გარდაბანში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკური სომხებისა და აზერბაიჯანელებისაგან დააკომპლექტა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადამიანების აზრი მოისმინეს რუსული მედიის მიერ ინტენსიურად გაშუქებულ არაერთ საკითხსა და მის მიერვე გახმიანებულ ყალბ ინფორმაციაზე. მათ შორისაა აშშ-ის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში, სკრიპალების საქმე, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული კონსპირაციები და სხვა.

რასაც რუსული მედია ავრცელებს ამერიკის პოლიტიკასთან დაკავშირებით ახლო აღმოსავლეთში, სწორედ იმ ნარატივების სჯეროდათ ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებს. იგივე შეიძლება ითქვას სკრიპალების მოწამვლის საკითხთან დაკავშირებით. მონაწილეებს სჯეროდათ იმ სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავი ნარატივების, რომლებიც თვეების მანძილზე ჟღერდებოდა რუსული მედიიდან”, – აცხადებს “მედიის განვითარების ფონდის” წარმომადგენელი სოფო გელავა.

MDF-ის ხელმძღვანელს თამარ კინწურაშვილს მიაჩნია, რომ არც ხელისუფლება და არც საზოგადოებრივი მაუწყებელი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირებისათვის საკმარის რესურსს არ იყენებენ. მისი თქმით, გამოიკვეთა, რომ ზოგ შემთხვევაში ადამიანები რუსულ მედიას ეცნობიან მაშინაც, როცა მისი არ სჯერათ, თუმცა მათთვის რუსული არხების შინაარსი უფრო მიმზიდველია.

პრობლემაა, რომ ხელისუფლებას არ აქვს რეგიონზე მორგებული სტრატეგიული კომუნიკაცია იმისთვის, რომ მოახდინოს მათი ინფორმირება ამ მტკივნეული საკითხების შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ ფორმალურად ასრულებს მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. ჩვენ გვყავს ქვეყანაში მოქალაქეები, რომლებიც ფიზიკურად ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ არიან მეზობელი სახელმწიფოების გავლენების ქვეშ.

გამოჩნდა ისიც, რომ ზოგ შემთხვევაში იციან, რომ რუსული მედია იტყუება, თუმცა უფრო მიმზიდველია ის კონტენტი, რომელსაც რუსული არხები სთავაზობს. გარდა ამისა, საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ ქართული არხების გადაცემებში და არის გაუცხოება, გარკვეულწილად”, – უთხრა თამარ კინწურაშვილმა “ნეტგაზეთს”.

მისივე თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ტელერეიტინგების დათვლაზე პასუხისმგებელი კომპანიები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს არ ფარავენ. ამის გამო მათი საჭიროებების უკეთ გარკვევა ვერ ხერხდება.

MDF-ის კვლევის ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ რეიტინგების მზომავ კომპანიებს ეხება, მეტად დაინტერესდნენ აღნიშნული რეგიონებით. ხელისუფლებისადმი გახმიანებულ რეკომენდაციებს შორისაა უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე მორგებული კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დეზინფორმაციაზე მყისიერი რეაგირების მექანიზმის დანერგვა, ასევე, სახელმწიფო და დასავლური ენების შემსწავლელი პროგრამების შეთავაზება. ფონდი მეტად ინკლუზიური გაშუქებისკენ მოუწოდებს მედიას, საკუთრივ საზოგადოებრივ მაუწყებელს კი უმცირესობების ენებზე ინფორმაციის რეგულარულად გადაცემის, მრავალფეროვანი პროგრამების მომზადებისა და საზოგადოებაში მედიაწიგნიერების ასამაღლებლად მუშაობის რეკომენდაციებით მიმართავს.

წყარო: http://netgazeti.ge/news/349063/