პუბლიკაციები
ჩვენთან სტოლტენბერგი ჩამოდის, ანუ ღია კარი, რომელშიც შესვლა არ შეიძლება - საქინფორმი

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, არსებობს ღია და დაკეტილი კარი. მაგალითად, ღია კარია, რომლითაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოში შემოვიდა, უფრო სწორად - მარშით შემოგრიალდა თავისი ტექნიკით, შეიარაღებითა და სასწავლო ცენტრებით. დაკეტილ კარში კი შესვლა არ შეიძლება. თუმცა, როგორც ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ ბოლო ათმა წელიწადმა აჩვენა, არსებობს კარის მესამე ნაირსახეობაც - ღია კარი, მაგრამ რომელშიც შესვლა არ შეიძლება. სწორედ ესაა ნატოს კარი საქართველოსთვის.

24 მარტს საქართველოში იენს სტოლტენბერგი ჩამოვა, რომელიც ნატოში თითქმის იმდენივეს წყვეტს, რამდენსაც გოგოლის რევიზორი. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, „ალიანსის კარი ღიაა, მათ შორის - საქართველოსა და უკრაინისთვის“. სტოლტენბერგმა ეს განცხადება მარშალის ფონდში გამოსვლისას გააკეთა, სადაც ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე ილაპარაკა, მაგრამ ეს ქართველებისთვის ჯერ კიდევ არ არის სუფრის გაშლის საბაბი - სტოლტენბერგი მხოლოდ მორიგ საინსპექციო ვიზიტს ახორციელებს, რათა ნახოს - რამდენად კომფორტულად განლაგდა საქართველოში ნატო, რაიმეში დახმარება ხომ არ არის საჭირო და როგორ დამთავრდა აქ ალიანსის მორიგი ფართომასშტაბიანი სწავლება.

იმავე გამოსვლაში სტოლტენბერგმა, რომელსაც ფანტაზიასთან დაკავშირებით აშკარა პრობლემები აქვს, ალბათ, მეათასედ გაიმეორა, რომ „ნატოს გაფართოება პროვოკაცია არ არის და ეს პროცესი არ გახლავთ მიმართული სხვა ქვეყნების წინააღმდეგ“, ანუ - რუსეთის წინააღმდეგ. „ნატოს კარი ღიაა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე საქართველო და უკრაინა“, - გაიმეორა იენსმა, რაც ალიანსში ჟანრის აშკარა კრიზისზე მიუთითებს. თუმცა, არა მხოლოდ ალიანსში - საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ყველა გამოსვლა მისი თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში და დღემდე ერთი და იგივე მორიგე ფრაზით იწყება - „ჩვენი თანამშრომლობა ჯერ არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე...“. შემდეგ კი, გამოსვლის საბაბისდა მიხედვით, ვარიაციები მოდის: „აშშ-სთან“, „ნატოსთან“, „ევროკავშირთან“.

საქინფორმის რედაქცია