აქტუალური
ზვიად კვაჭანტირაძემ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

 საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კვაჭანტირაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ზვიად კვაჭანტირაძემ გადადგომის შესახებ განცხადება მანამდე გააკეთა, ვიდრე მისი საკითხი განმეორებით კენჭისყრაზე დადგებოდა.

„როდესაც კენჭისყრა გაიმართა ამ საკითხზე, გავედი პრესასთან და გავაკეთე განცხადება, რომ მე თავად გადავწყვიტე, დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. დღეს ხელმეორედ ჩატარებულა ბიურო, სადაც მე არ დამპატიჟეს. რომ მიმეღო მოწვევა, მაგიდაზე დაგხვდებოდათ ჩემი განცხადება. შემიძლია, ახლა გადმოგცეთ. მადლობა ყველას, რომლებმაც თქვენი სინდისით იხელმძღვანელეთ და მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეთ“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე პირველი კენჭისყრისას ვერ გადააყენეს. კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა, საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის კი პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა რვა დეპუტატმა, რომელთა შორის უმრავლესობის წევრებიც იყვნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში აღნიშნული საკითხი ტექნიკურ პრობლემას დაუკავშირეს და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება გადაწყვიტეს.