პუბლიკაციები
გიორგი ტყემალაძემ აზერბაიჯანელ ხალხს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

 საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მირზა ფათალი ახუნდზადეს სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია, სადაც აზერბაიჯანელ ხალხს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, აზერბაიჯანის და თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები, აზერბაიჯანის დიასპორის წევრები და კულტურის მოღვაწეები დაესწრნენ.

საკრებულოს თავმჯდომარემ და მერის მოადგილემ მუზეუმი დაათვალიერეს. მუზეუმის დირექტორმა ლეილა ალიევამ მათ მირზა ფათალი ახუნდზადეს მოღვაწეობის, საქართველოში აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მუზეუმში ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის კუთხეა განთავსებული.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის მჭიდრო ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. მან მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ორი ერის მეგობრობისთვის ახორციელებს.

მინდა, დიდი პატივით და სიამოვნებით მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული. სიკეთის, ბარაქის, ჯანმრთელობის მომტანი ყოფილიყოს ყველასთვის ეს დღე. ჩვენ ტრადიციულად ერთად აღვნიშნავთ ჩვენი ხალხების ყველა მნიშვნელოვან დღესასწაულს, რაც სასიხარულოა,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ შეკრებილი საზოგადოება 21 მარტს თბილისის საკრებულოში მიიწვია, სადაც ნოვრუზ ბაირამის კვირეულის ფარგლებში დასკვნით ღონისძიება გაიმართება.

 


საქინფორმი