პოლიტიკა
ნატო-საქართველოს სწავლება მიმართულია თავდაცვისუნარიანობაზე და არავითარ შემთხვევაში სხვა ქვეყნის წინააღმდეგ - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე

 საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი სწავლება უნიკალურია თავის მახასიათებლებში. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივის ქვეშ პირველადი დაგეგმვის ფაზიდან აღსრულების ფაზამდე ნატოს სწავლებას ხელმძღვანელობს, მასპინძლობს და უძღვება საქართველო. ეს არის ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმანატო-საქართველოს სწავლება 2019-ის ოფიციალურად გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უპრეცედენტოა სწავლებაში მონაწილეთა რაოდენობა – ნატოს 24 წევრი და არაწევრი ქვეყნის 350-ზე მეტი წარმომადგენელი.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ აღნიშნული არის დემონსტრირება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმებისა და ტრანსფორმაციის ხაზის. ბატონი სტოლტენბერგის შეფასებებში მან საქართველოს კრიტიკული პარტნიორი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის უმეტესი ინიციატივების პროგრესი და წარმატება. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული სწავლება არის კონცენტრირებული და ფოკუსირებული საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. სწავლება ემსახურება ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ხარისხის გაუმჯობესებას, თავდაცვის, შეკავების პოლიტიკის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ განამტკიცებს პარტნიორულ ურთიერთობებს როგორც ნატოს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან. სწავლება არის კიდევ ერთი დემონსტრირება მეტი ნატოსი საქართველოში და მეტი საქართველოსი ნატოში“, -განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად გაიხსნა. სწავლება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ლადისლავ იუნგმა გახსნეს.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც 18-29 მარტის ჩათვლით წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) გაიმართება და მასში 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი მიიღებს მონაწილეობას.