პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ნიკიტა მიხალკოვი მართალი აღმოჩნდა - საქართველო დიდი ცვლილებების ზღურბლზეა

   საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა თავის წინა ინტერვიუში კომენტარი გაუკეთა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზანშეწონილობას. უკვე ორი კვირა გავიდა, მაგრამ მის შესახებ ჯერ არაფერი ისმის, რატომ? - ამ შეკითხვით დავიწყეთ ახალი ინტერვიუ არნო ხიდირბეგიშვილთან, რომელიც საქინფორმის ჟურნალისტმა თამარ ახვლედიანმა მოამზადა.

- თქვენი შეკითხვა იმავე სერიიდან არის, რატომ არ ნიშნავს, უკვე ორი წელია, აშშ საქართველოში ელჩს. ზედაპირულად თუ შევხედავთ, ეს აგდებული დამოკიდებულების დემონსტრირებაა საქართველოს მიმართ, რომელიც აშშ-სთვის მესამეხარისხოვანი სახელმწიფოა - წარმოუდგენელია, რომ ვაშინგტონს ამდენი ხნის განმავლობაში არ დაენიშნა ელჩი მსოფლიოს ნებისმიერ, საკუთარი თავის პატივისმცემელ ქვეყანაში, რომელსაც ამერიკა მეტად თუ ნაკლებად ანგარიშს უწევს!

მაგრამ არსებობს უფრო ღრმა მიზეზიც. საქმე ის არის, რომ მსოფლიოში სწრაფად განვითარებადი მოვლენები რიკოშეტით გარდაუვალს ხდის კარდინალურ ცვლილებებს საქართველოში, ამიტომ ახალი ამერიკელი ელჩი, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილის მიერ „რეზერვიდან“ დაბრუნებული ღარიბაშვილი, უკვე შეცვლილ რეალიებთან დაკავშირებით „დიდ თამაშში“ უნდა ჩაერთონ. ისინი შემონახული ჰყავთ ახალი ვითარებისთვის, რომელშიც, როგორც ბოლო დროის მოვლენების ანალიზი გვიჩვენებს, მხოლოდ  ფუნდამენტური საკადრო ცვლილებებით იოლად ვერ გავლენ. აშშ-ის ახალ ელჩს, ისევე, როგორც ხანგრძლივი „შვებულების“ შემდეგ აქტუალიზებულ ყოფილი პრემიერს, ხელ-ფეხი შეკრული არ ექნებათ წარსული განცხადებებით და მათგან გამომდინარე ვალდებულებებით, ამიტომ პირველივე დღიდან „სუფთა ხელებით“ შეუძლიათ შეუდგნენ ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ახალი არქიტექტურის შექმნას, რაც გარდაუვალია. ჩანაფიქრი სწორედ ასეთია - თვითონ დააკორექტირონ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, რათა მათ ნაცვლად ეს სხვებმა არ გააკეთონ.

- რაში ხედავთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გადაფორმატების წანამძღვრებს? ამის შესახებ თქვენ გარდა ჯერ არავის განუცხადებია. პირიქით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ლამის ყოველდღე, თავის ყველა გამოსვლაში და ბრიფინგში დაუღალავად იმეორებს ერთსა და იმავე ფრაზას „ქართულ-ამერიკული ურთიერთობის უპრეცედენტოდ მაღალი დონის“ შესახებ.

- სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, და რომ პოლიტიკა ისეთივე პროფესიაა, როგორიც, მაგალითად, ექიმობა, იურისტობა, ინჟინრობა. საქართველოს ხელისუფლებაში დღეს მეტისმეტად ბევრია სხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომლებმაც „კვალიფიკაცია შეიცვალეს“ პოლიტიკოსებად (ზუსტად ასე იყო საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოში), თუმცა, უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშვნამდე მათ პოლიტიკასთან არავითარი შეხება არ ჰქონიათ. მაგრამ ახლა ისეთი მოღვაწეების დრო, რომლებმაც შრომის წიგნაკები საქართველოს პარლამენტში და მთავრობაში გახსნეს, დასასრულს უახლოვდება.

ელემენტარული ანალიზი გვიჩვენებს, რომ კარდინალური საგარეო პოლიტიკური ცვლილებები გარდაუვალია, რადგან ვითარება ჩიხში შევიდა. რაც უფრო მეტად იძაბება აშშ-ის და რუსეთის ურთიერთობა, რომელიც ამერიკას თავისი მზარდი სამხედრო ძლიერებით აშფოთებს, აშშ-ის და ჩინეთის ურთიერთობა, რომელიც ვაშინგტონს თავისი განვითარებადი ეკონომიკით აწუხებს, აშშ-ის და ევროპის ურთიერთობა, რომლისთვისაც ტრამპს ხარკის შეწერა უნდა და რომლის ლიდერებმა უეცრად დაუმორჩილებლობის გამომჟღავნება დაიწყეს (უარს ამბობენ ქერჩის სრუტეში ხომალდების გაგზავნაზე და უარს არ ამბობენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზე), აგრეთვე აშშ-ის ურთიერთობა ირანთან, რომელიც ხელს უშლის ამერიკელების ბატონობას მსოფლიოს ნახშირწყალბადებით უმდიდრეს რეგიონში, მით უფრო ახლოს არის კვანძის გახსნა საქართველოსთან დაკავშირებითაც, რომელსაც დღეს არანაკლებ საშიშ ვითარებაში ითრევენ, ვიდრე 2008 წელს, როცა ეს სააკაშვილმა გააკეთა.

- მხედველობაში გაქვთ წინააღმდეგობრივი ვითარება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი იმავე დროს საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორები არიან, საქართველო კი ვაშინგტონის ოფიციალურ დოკუმენტებში „აშშ-ის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად“ იხსენიება? თუ რუსეთთან ახალი სამხედრო კონფლიქტის ალბათობა ნატოს ქმედებათა გამო, რის თაობაზეც წინა ინტერვიუში განაცხადეთ?

- ერთიც და მეორეც. როგორც არასდროს ბოლო ათი წლის მანძილზე, ვშიშობ, რომ ნებისმიერ მომენტში ვითარება შესაძლოა კონტროლის ქვეშიდან გამოვიდეს, და მაშინ უკვე საჭირო აღარ იქნება კეთილი რჩევები - კრემლთან გაჩუმობანას ნუ ითამაშებთო! ისინი, ვინც იმ მომენტისთვის საქართველოს ხელმძღვანელობაში იქნება, იძულებული გახდებიან, საკითხები რუსეთის წარმომადგენლებთან გადაწყვიტონ, მაგრამ უკვე - საგანგებო რეჟიმში, როგორც ეს 10 წლის წინ მოხდა სარკოზის შუამავლობით...

- კონკრეტულად რას გულისხმობთ ვითარების კონტროლის ქვეშიდან გამოსვლაში?

- ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შორს წავა ტრამპი და რამდენად ადეკვატურად უპასუხებს მას პუტინი. აი, შეხედეთ: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთზე უფრო იდუმალ განცხადებებს აკეთებს - რომ „საქართველო არ დაიღლება ნატოს წევრობისაკენ სწრაფვით, რუსეთის და თვით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინააღმდეგობის მიუხედავადაც კი“ (?!), რომ „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების დრო მალე დადგება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“ (?). რუსეთმა კი მიჯნა გაავლო და განაცხადა, რომ არ დაუშვებს საქართველოსა და უკრაინაში ნატოს შესვლას. აშშ, თავის მხრივ, აცხადებს, რომ საქართველო მისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, რადგან ის უზრუნველყოფს საჰაერო და სახმელეთო წვდომას ავღანეთთან. ნატოში საქართველოს მიღება „დაუძლეველ გამოწვევად“ მიაჩნიათ ტერიტორიული პრობლემების გამო, მაგრამ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი „რაც შეიძლება ახლოს ჰყავდეთ საქართველო“, რაც გამოიხატება არა მხოლოდ 870 ქართველი სამხედროს მონაწილეობით ავღანეთის მისიაში. აშშ და ნატო ზრდიან თავიანთ სამხედრო ყოფნას საქართველოში საბრძოლო მომზადების ცენტრების და ერთობრივი წვრთნების სახით, სამხედრო ინსტრუქტორების მუდმივი და სამხედრო ხომალდების პერმანენტული ყოფნით, და რაც მთავარია - საქართველოს ჩართვით რუსეთის შესაკავებლად შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების სტრატეგიაში.

გარდა ამისა, აშშ საქართველოს მილიონობით დოლარს გამოუყოფს შეიარაღებისთვის, არმიის წვრთნისთვის და „რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისთვის“, მაგრამ, ამასთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ბოლო ანგარიშში მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ადამიანის უფლებების ყოველგვარი უხეში დარღვევებისთვის, რაც აბსოლუტურად შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან. შეკითხვა: რატომ აიარაღებს აშშ ქვეყანას, რომელშიც, როგორც მას მიაჩნია, ასეთი „დემოკრატიის დეფიციტია“?! და რატომ აიარაღებდა საქართველოს სააკაშვილის დროს, რომელსაც „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დანაშაულებრივმა რეჟიმმა „სახელი გაითქვა“ არაადამიანური წამებით, მასობრივი მკვლელობებით, ბიზნესის რეკეტით, არჩევნების გაყალბებით და გამამტყუნებელი განაჩენების რეკორდული რაოდენობით?!

- ანუ გულისხმობთ, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და „თუკი სპექტაკლის პირველ აქტში სცენაზე თოფი კიდია, ბოლო აქტში ის აუცილებლად გაისვრის?“

- აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზებზე მორიგი ინციდენტი ანუ არამზადა ქაცარავას, სალიას და სააკაშვილის სხვა ნაძირალების მიერ მოწყობილი პროვოკაცია; ნატოს და აშშ-ის სამხედრო „კუნთების“ შორს წასული დემონსტრაცია რუსეთის ცხვირწინ - საქართველოს ტერიტორიაზე ან მის ტერიტორიულ წყლებში; საკმაოდ დიდი ალბათობა, რომ სირიიდან პანკისის ხეობაში დაბრუნებული ბოევიკები ტერორისტულ აქტი მოაწყობენ - ნებისმიერმა მიზეზმა შეიძლება ხისტი საპასუხო ზომები გამოიწვიოს რუსეთის მხრიდან. რაც, ამასთანავე, მომენტალურად გამოიწვევს საქართველოში სამოქალაქო კონფლიქტს (მიკვირს, როგორ ყოფნის დღევანდელ ხელისუფლებას რესურსი, ვითარება სამოქალაქო შეტაკებებში გადაზრდისაგან შეაკავოს, თუმცა შეურიგებელი დაპირისპირება ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების მომხრეებად გათიშულ საზოგადოებაში აშკარად ჩანს!). სსრკ-ის ლიკვიდაციის შემდეგ საქართველოს ისტორია ციკლებად ვითარდება, და ყოველი ციკლი, ჩვეულებრივ, სახელმწიფო გადატრიალების ან სამოქალაქო ომის გზით წინა ხელისუფლების ტოტალური შეცვლით მთავრდება. საქართველოში დღეს არ დარჩა ინსტიტუტი, რომელიც მკვეთრი დაპირისპირებით ან კრიზისით არ იყოს მოცული. პარლამენტს, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სასამართლო სისტემას, დედაქალაქის მერიით დაწყებული, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს - ყველას ციებ-ცხელება აქვს!

მაგრამ ახლა საქმე გაცილებით უფრო სერიოზულად არის, ვიდრე მორიგი „ქართული“ ციკლის მოახლოებული დასასრულია, თუმცა, ხელისუფლების კრიზისი სახეზეა.

- და დღეს რაშია საქმე?

- 2011 წელს ასტანაში გამართულ მედიაფორუმზე რამდენჯერმე ვესაუბრე ნიკიტა მიხალკოვს. ჩვენ პოლიტიკაზე და კინემატოგრაფზე ვლაპარაკობდით, როდისმე დავწერ ბროშურას მასთან მეტად საინტერესო შეხვედრებზე, ახლა კი მის მხოლოდ ერთ ფრაზას მოგიყვანთ, რომელიც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: „როგორი ცუდიც უნდა იყოს რუსეთი საქართველოსთვის, ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ - კარგიც ვიცით და ცუდიც. დღეს კი თქვენ დასავლეთს უკაკუნებთ კარზე, რომლის იქით არავინ იცის, რა გელით...“. მართლაც, განა არსებობს მსოფლიოში ერთი ქვეყანა მაინც, რომელიც ამერიკამ ბედნიერი კი არა, უბრალოდ, სტაბილური გახადა?! სამაგიეროდ, ყველა ქვეყანა, სადაც ისინი „დემოკრატიას“ ნერგავდნენ (მათ შორის - აყვავებული ქვეყნები), დღეს საძირკვლამდე დანგრეულია, სისხლში იხრჩობა, ლიკვიდირებულია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, საშინელი სიღატაკე და შიმშილი სუფევს, დაკარგულია ტერიტორიები! და პირიქით - სსრკ-მა ააყვავა თხუთმეტივე რესპუბლიკა, ვარშავის ხელშეკრულების ყველა ქვეყანა და ბევრი სხვაც - მაგალითად, ვიეტნამი, ხოლო ჩინეთი, რომელიც სტალინისეული მოდელით შეიარაღდა, დღეს სულაც მსოფლიო ეკონომიკური ლიდერი გახდა (რუსეთში უკვე რამდენი წელია ტარდება „უკვდავი პოლკი“, მაგრამ არცერთხელ ერთი სიტყვითაც არ გაუხსენებიათ უმაღლესი მთავარსარდალი, თითქოს იმ ომში სტალინი კი არა, დირექტორთა საბჭო სარდლობდა! აი, მსგავსი „კრამოლური“ გამოსვლების გამო მის მერე არცერთ მედიაფორუმზე აღარ მპატიჟებენ...).

ჰოდა, საქართველოში ვერაფრით გაიგეს, რომ აშშ კარგია მხოლოდ თავად აშშ-სათვის, დანარჩენებისთვის ცრემლების მეტი არაფერი მოაქვს! ქართველი საზოგადოება თავისი უკიდურესად დაბალი პოლიტიკური კულტურით მეტად შორს არის ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის პოლიტიკის გაგებისაგან. შეგიძლიათ, დამისახელოთ ბიზნესმენი, რომელიც გამოჩენილი პოლიტიკოსი რომ გახდა, ბიზნესი მიატოვა? არა, ბიზნესი მათი პირმშოა, შვილებს კი არ ტოვებენ! ეს 2012 წლიდან საქართველოს ხელმძღვანელსაც ეხება - მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, და აშშ-ს ამჟამინდელ პრეზიდენტსაც - მილიარდერ დონალდ ტრამპს, რომელიც, სხვათა შორის, ფორბსის მიხედვით ივანიშვილზე ღარიბია.

პოლიტიკა ტრამპისათვის ერთი დიდი ბიზნესია, რომელშიც მთავარი ბერკეტების როლს ეკონომიკური სანქციები ასრულებს. აშშ-მა მხოლოდ დომინირება იცის, მაგრამ მოლაპარაკება არ ეხერხება! რუსული სამხედრო „საფრთხობელებიც“ კი იმისთვის გამოიგონეს, რომ სამხედრო ბიუჯეტი 740 მილიარდ დოლარამდე გაეზარდათ, რომელსაც, ჯარის გარდა, თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსი და კერძო კორპორაციები მიიღებენ - განა არსებობს უფრო მსხვილი და მომგებიანი ბიზნესი?!

ყველაფერ დანარჩენში აშშ იყო და რჩება შოუების მსოფლიო მიმწოდებლად - მაღალპროფესიული შოუმენი ტრამპი „კოვბოურ მიხტომებს“ ახორციელებს და სადაც ღირსეულ წინააღმდეგობას აწყდება, მაშინვე უკან იხევს! ასე მოხდა ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასთან, ირანთან, თურქეთთან, ასე მოხდება ვენესუელასთან. ასე მოხდა რუსეთთან, რომელთანაც ამერიკა კონფლიქტში არ ჩაება უკრაინის გულისთვისაც კი (უარი უთხრა პოროშენკოს ქერჩის სრუტეში თავისი ხომალდების შეყვანაზე). მით უფრო, ამერიკა საკადრის პასუხს არ გასცემს რუსეთს პატარა საქართველოს გულისთვის, როგორც ეს უკვე მოხდა 2008 წლის აგვისტოში - ჩემი სამშობლო კიდევ ერთხელ დაკარგავს თავისი სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, სამაგიეროდ მიიღებს ამერიკულ ჰუმანიტარულ დახმარებას და ტრამპი, კოლექტიური დასავლეთის მასმედიის აღშფოთებული ყმუილის ფონზე, რუსეთის წინააღმდეგ მორიგ ეკონომიკურ სანქციებს გამოაცხადებს!

წყარო: NEWS FRONT
2019 წლის 18 მარტი
საქართველო, თბილისი.