„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაში მთავარი დამნაშავეები „ყაჩაღი“ მაჟორიტარი დეპუტატები არიან, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილის ხელშეწყობით მხოლოდ იმით არიან დაკავებული, ხალხის ხარჯზე მილიონები იშოვონ.
ნათელაშვილმა დღეს, 4 მარტს, ის ათი მაჟორიტარი დეპუტატი დაასახელა, რომლებიც, მისივე თქმით, „მილიონერ მაჟორიტარ დეპუტატთა კლუბის“ წევრები არიან.„თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი დავით ბეჟაშვილი 1 მლრდ 500 მილიონ დოლარს ფლობს, ბოლნისის მაჟორიტარი კობა ნაყოფია – 500 მლნ-ს, ბაღდადის დეპუტატი თემურ კოხოძე – 400 მლნ-ს, ადიგენის დეპუტატი, „პსპ“-ს მფლობელი კახა ოქრიაშვილი – 300 მლნ-ს, მთაწმინდის მაჟორიტარი არჩილ გეგენავა – 100 მლნ-ს, ლენტეხის დეპუტატი გოგი ლიპარტელიანი – 50 მლნ-ს, ახალგორის დეპუტატი ოვაშვილი – 40 მლნ-ს, ნაძალადევის რაიონის დეპუტატი სამადაშვილი – 30 მლნ-ს, კასპის მაჟორიტარი კურდღელაშვილი – 15 მლნ-ს, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია კი – 10 მლნ აშშ დოლარს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ჩამონათვალი საბოლოო არ არის და ის უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ დეპუტატს დაასახელებს, რომლებსაც „ხალხის ძარცვით“ მილიონები აქვთ ნაშოვნი.