სამართალი
აუცილებელია, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ამოქმედდეს - დავით ზალკალიანი

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის მიღებისთანავე მაქსიმალურად ავამოქმედებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, უწყებას კომუნიკაცია ჰქონდა ევროკავშირისა და გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენლებთან, ჟენევის ყველა თანათავმჯდომარესთან. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საელჩოებს მიეცათ ინსტრუქცია, რომ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აუცილებელია, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ამოქმედდეს.

ექსპერტიზის შესახებ საბოლოო ინფორმაცია არ მაქვს. ექსპერტიზის დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნება ეს დასკვნა, კომპეტენციის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. მყისიერად გვქონდა კომუნიკაცია ყველა საერთაშორისო აქტორთან, მათ შორის ევროკავშირისა და გაერო- სპეციალურ წარმომადგენლებთან, ჟენევის ყველა თანათავმჯდომარესთან. ყველა ჩვენს საელჩოს მიეცა ინსტრუქცია, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ხვალ ჩანიშნული მაქვს შეხვედრა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, რომელიც სოხუმიდან დაბრუნდება და მოვისმენ, რა ინფორმაცია გააჩნია. ფაქტია, რომ ეს აღმაშფოთებელი შემთხვევაა. ეს კიდევ ერთხელ ამყარებს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ, უკონტროლო ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა. ეს არის ის, რასაც ჩვენ მუდმივად ვითხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობისგან.

აუცილებელია, გალში ინციდენტების პრევენციის მექანიზმი ავამოქმედოთ, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფორმატი უნდა იყოს, სადაც საუბარი ამ აღმაშფოთებელ ფაქტზე იქნება. ყველა საერთაშორისო აქტივთან ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ. ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის მიღებისთანავე მაქსიმალურად ავამოქმედებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ოკუპირებული გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან 13 მარტს გადმოასვენეს. ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ცხედარი თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 მარტს გაავრცელა.