პოლიტიკა
ევროპარლამენტი რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ჯარები გაიყვანოს

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ევროპარლამენტმა ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც საქართველოზეც არის ლაპარაკი.

დოკუმენტს ევროპარლამენტის 402-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 163-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა, 89-მ კი თავი შეიკავა.

რეზოლუციაში დეპუტატები აღნიშნავენ, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ყირიმის უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, დემოკრატიული პრინციპებისა და ფუნდამენტური ღირებულებების მიზანმიმართულ დარღვევას.

ევროპარლამენტის წევრები გმობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებს.

ევროპარლამენტი ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას; ითხოვს რუსეთის ფედერაციისგან საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შეწყვეტას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას; ხაზს უსვამს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უპირობო შესრულების საჭიროებას, კერძოდ საქართველოს ტერიტორიიდან მისი შეიარაღებული ძალების გაყვანას“, – ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევების გათვალისწინებით, ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა უნდა გადახედოს რუსეთთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას და შეზღუდოს თანამშრომლობა გარკვეულ სფეროებში.

ევროპარლამენტარები გმობენ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციულ კამპანიას, კიბერთავდასხმებს, ევროკავშირს პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე რეაგირების გაძლიერებისკენ მოუწოდებენ. დოკუმენტში ასევე გამოთქმულია შეშფოთება გაზსადენჩრდილოეთის ნაკად 2-თან დაკავშირებით.

ევროპარლამენტის წევრები შეშფოთებული არიან, ასევე, რუსეთის მიერ ავტორიტარული რეჟიმების მხარდაჭერის გამო, კერძოდ, ლაპარაკია ჩრდილოეთ კორეაზე, ირანზე, ვენესუელასა და სირიაზე.